მსოფლიო ბანკის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 6% იქნება, გასაკვირს უწოდებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი. PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 5%-ზე მაღალი ვერ იქნება. გიორგი ხიშტოვანს თავისი მოლოდინის ასახსნელად არგუმენტები მოჰყავს. მისი თქმით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, რაც ეკონომიკაზეც აისახება, რადგან მრავალი რისკფაქტორი გააქტიურებულია.
,,ცოტა გასაკვირია მსოფლიო ბანკის ეს შეფასება. ზოგადად, ძალიან დიდია გაურკვევლობის ხარისხი, ამიტომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩემი აზრით, ზრდა წესით უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე 6%-ია. მგონია, რომ ის რისკ ფაქტორები, რაც დღეს რეალურია 2025 წლისთვის გამოიწვევს უფრო მნიშვნელოვან რყევებს ეკონომიკაში. ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს. ასევე, გაცვლითი კურსის არასტაბილურობა. ზოგადად მოთხოვნის შემცირება ბაზარზე და შესაბამისად, მოხმარების შემცირება. ეს კრიტიკული ფაქტორები, ჩემი ვარაუდით მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას. გამოიწვევს დასაქმების მხრივაც მონაცემების ცვლილებას კლებისკენ. ვვარაუდობ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ ზრდა იქნება 4-5%. ამიტომ, საკმაოდ გამაკვირვა შეფასებამ, რომელიც მსოფლიო ბანკმა გააკეთა.’’- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
ეკონომისტს ვკითხეთ, რით ახსნიდა მსოფლიო ბანკის პოზიტიურ შეფასებას. გიორგი ხიშტოვანი გვპასუხობს, რომ მსოფლიო ბანკის ექსპერტები პროგნოზს კომპლექსური მოდელირების საშუალებით აკეთებენ. თავად ამ მეთოდის მიმართ ეკონომისტს კითხვები არ აქვს, თუმცა უკვირს ასეთი პოზიტიური შეფასება.
,,პატივს ვცემ კოლეგებს მსოფლიო ბანკიდან. მათ ცალკე გუნდი ჰყავთ ეკონომისტების, რომლებიც ამ შეფასებებს აკეთებენ. იმისთვის, რომ გავიგოთ მათ მიდგომებზე სასურველია მათ ვკითხოთ. მე მიჭირს თქმა, რის საფუძველზე აკეთებენ ამ პროგნოზს. ვიცი, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებენ საკმაოდ კომპლექსური მოდელირების საშუალებით. მოდელის მიმართ მე არ მაქვს კითხვის ნიშნები. როგორც ჩანს ის დაშვებები, რა დაშვებებიც აქვს გაკეთებული მსოფლიო ბანკის გუნდს პოზიტიურია, ოპტიმისტურია და შესაბამისად ეს აისახა შეფასებებში. ჩვენ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. ეს კრიზისი მალევე თუ გადაიჭრა შეიძლება მეც გადავხედო ჩემს პოზიციებს, მაგრამ ამ მდგომარეობით, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივებს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის და უფრო და უფრო მეტად ექცევა ქვეყანა იზოლაციაში ამ პირობებში მაღალი ეკონომიკური ზრდა და საქართველოსთვის 6%-იანი ზრდა მაღალია, რეალურად არ მიმაჩნია, რომ იყოს მიღწევადი.’’- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
მსოფლიო ბანკმა 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს, 6%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის მიერ ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 5%-ით უნდა გაზრდილიყო.