ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონული ეკონომიკური ანგარიშის (Regional Economic Prospects) მიხედვით, ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება და შეადგენს 5,2 პროცენტს 2023 წელს (გადასინჯული თებერვლიდან) და 5,4 პროცენტს 2024 წელს. რუსული ბიზნესის რელოკაცია და ნავთობის გაზრდილი ექსპორტი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას ყაზახეთში, ხოლო მონღოლეთი სარგებელს იღებს სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გაფართოებით და ჩინეთის ეკონომიკის აღდგენით.

ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსალოდნელია წარმოების მოცულობის გაზრდა მოკრძალებული 0,5 პროცენტით 2023 წელს (გადასინჯული თებერვალთან შედარებით), მოწინავე ქვეყნების ეკონომიკის მოსალოდნელზე ნელი ზრდის და მუდმივი ინფლაციის გამო. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი 2022 წელს სტაბილური აღმოჩნდა, კორონავირუსის შემდგომ ეკონომიკური აღდგენა ნელი ტემპით მოხდა, რამაც განაპირობა უარყოფითი ეკონომიკური ზრდა კვარტალური მონაცემების მიხედვით. 2024 წელს, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2,9 პროცენტამდე აიწევს.

აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება, რადგან გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც 2022 წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის სტიმულაცია განაპირობა, შემცირდება. ახალი პროგნოზით, რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2023 წელს 1,9 პროცენტით და 2024 წელს 3,3 პროცენტით გაიზრდება.

სავარაუდოდ, უკრაინის ეკონომიკა მცირედით გაიზრდება, ერთი პროცენტით 2023 წელს და სამი პროცენტით 2024 წელს, ბიზნესის საომარ პირობებთან ადაპტაციის გამო.

2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონისთვის, რაც ევროზონაში გაწევრიანების პერსპექტივით არის განპირობებული. 2022 წლის ბოლო კვარტალში აღნიშნულმა ხელი შეუწყო ინვესტორთა ნდობის გაზრდას ბულგარეთში, სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდას რუმინეთში და წარმოების მოცულობის გაზრდას საბერძნეთში. პროგნოზის თანახმად, რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შეადგენს 2.3 პროცენტს და 2024 წელს – 3 პროცენტს.

სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსალოდნელია წარმოების მოცულობის ზრდა 3.6 პროცენტით 2023 წელს და 4.4 პროცენტით 2024 წელს. 2023 წლისთვის დაღმავალი პროგნოზი ასახავს რეფორმების შეფერხებას, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპის გვერდით ეფექტებს და გაზრდილ ფისკალურ და გარე მოწყვლადობას ეგვიპტეში“, – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

პროგნოზის თანახმად, თურქეთის ეკონომიკური ზრდა შენელდება 2.5 პროცენტამდე 2023 წელს და 3 პროცენტამდე 2024 წელს. 2023 წლის დაღმავალი პროგნოზი ასახავს 2023 წლის თებერვლის მიწისძვრების გავლენას და ასევე საკრედიტო პირობების მოსალოდნელ გამკაცრებას 2023 წლის მეორე ნახევარში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით, 2023 წელს დასავლეთ ბალკანეთში წარმოების მოცულობის პროგნოზი გაიზრდება 2.2 პროცენტით ინფლაციური ზეწოლის ფონზე და ევროპის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოკრძალებული პერსპექტივის პირობებში, ხოლო 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 3.4 პროცენტამდე აიწევს.