აზიის განვითარების ბანკში, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მიმართულებით გადახედვის შემდეგ, მომავალ - 2025 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ელოდებიან.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ADB-მ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 7%-მდე გაზარდა, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგების მაღალი ზრდით ხსნიან.

ADB-ის ცენტრალური აზიის რეგიონალურმა ეკონომისტმა ლილია ალექსანიანმა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში დეტალურად განმარტა მიზეზები, რის გამოც ბანკმა 2024 წლის ზრდის პროგნოზს გადახედა. ის ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა წლის პირველ ნახევარში საკმაოდ ძლიერი იყო და საფინანსო ინსტიტუტის მოლოდინებს აჭარბებს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9%–ს მიაღწია, წინა წლის იმავე პერიოდში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8.2% იყო. ეს საკმაოდ კარგი სიგნალია ამ წლის ზრდისთვის, თუმცა ნახავდით, რომ მომავალ წელს ჩვენ ზრდის ტემპის შენელებას ველოდებით, წლის პირველი ნახევრის ზრდასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი იქნება, თუმცა საერთო ჯამში, საქართველო მტკიცე ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. ამის მთავარი მამოძრავებელი – მოთხოვნაა, დაბალ ინფლაციური გარემო, გაზრდილი დაკრედიტება მზარდი ხელფასების და მსყიდველუნარიანობის პირობებში. ამდენად, წლის პირველ ნახევარში მოხმარება იყო ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი. ეს ტენდენციაა ასახული სერვისების ზრდაშიც - 2024 წლის პირველ ნახევარში 11.2%–იანი ზრდა. ჩვენი პროგნოზის მთავარი ლოგიკა ეფუძნება ადგილობრივი მოხმარების მაღალ მაჩვენებლებს და სწორედ ამის საფუძველზე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის“, - განმარტა ლილია ალექსანიანმა.

BMG