ქართველი ეკონომისტების პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 3.9%-ით გაიზრდება, ინფლაცია 4.7% იქნება და ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდება. ინფორმაცია „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ბიულეტენშია აღნიშნული, რომელიც PMCG-მ გამოაქვეყნა.
2025 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათი შეფასება მიმდინარე მდგომარეობის შესახებ და მოლოდინები ნეგატიურია.
ბიულეტენის მიხედვით, „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ მიგნებები ასეთია:
⏺ ქართველმა ეკონომისტებმა ნეგატიურად შეაფასეს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. მათი მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე ნეგატიური იყო. საბოლოო ჯამში, საერთო შეფასება მცირედით გაუმჯობესდა წინა კვარტალის შეფასებასთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად გაუარესდა 2024 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.
⏺ 2025 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 3.9%-ს შეადგენს.
⏺ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 2025 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.7%-ია.
⏺ მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან, ევროსთან, თურქულ ლირასთან და რუსულ რუბლთან მიმართებით.
⏺ მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობები შემცირდება.
⏺ დამატებით, გამოკითხული ეკონომისტების თანახმად: 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენა პოლიტიკურმა კრიზისმა მოახდინა. სხვა მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის დასახელდა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა და რუსეთის ომი უკრაინაში. უცხოური დახმარების შემცირება, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID), საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კლიმატზე გავლენის მხრივ ეკონომისტთა 97%-ის მიერ ნეგატიურად შეფასდა. მათი აზრით, დახმარების შემცირება ყველაზე მეტად საკანონმდებლო რეფორმებსა და საჯარო სერვისების ხარისხზე იმოქმედებს.