მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ საზღვარგარეთიდან $748 ათასის ღირებულების 69 ტონა ღვინო იყიდა. მაშინ, როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 158 ტონას შეადგენდა, რაშიც ქვეყანამ $1,1 მლნ გადაიხადა. შესაბამისად, ქვეყანაში ამ პერიოდში ღვინის იმპორტი 56.3%-ით შემცირდა.
საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ბაზარი იტალიაა, საიდანაც იანვარ-მარტში $264 ათასი ღირებულების, 37 ტონა ღვინო შემოვიდა. თუმცა ევროკავშირის ამ ქვეყნიდან იმპორტი შემცირებულია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, იტალიიდან იმპორტირებული 64 ტონა ღვინის ღირებულებამ 410 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 42.1%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით.
საქართველოს ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია (2025/3თვე):
- იტალია - $264 ათასი, 37 ტონა;
- საფრანგეთი - $325 ათასი, 16 ტონა;
- ლატვია - $28 ათასი, 4 ტონა;
- ესპანეთი -$48 ათასი, 4 ტონა;
- გერმანია -$21 ათასი, 2 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს $1.4 მლრდ-იან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი წლიურად 3.6%-მდე შემცირდა. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ქვეყანას 40.4%-ით 49 მილიონ 831 ათას დოლარამდე შეუმცირდა.
წლის აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან საზღვრებს გარეთ სულ 16 552 203 ლიტრი ღვინო გაიყიდა. მაშინ როდესაც გასული წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებული სასმლის მოცულობა 30 მლნ ლიტრამდე იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ღვინომ მეოთხე ადგილი დაიკავა.