2023 წელს მოცვის ექსპორტიდან საქართველომ $18.5 მლნ მიიღო. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. 

ამავე ინფორმაციით, საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14.5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს.

Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ არსებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის გათვალისწინებით, მათი პროგნოზით, 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება (2023 წლის 4 მლნ კგ-დან).

საქართველომ ლურჯი მოცვის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს და დონორების მხრიდან ამ დარგის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის დამსახურებით. საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2,000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის. შედეგად, მოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა 2019-23 წლებში 0.5 მლნ კგ-დან 4.0 მლნ კგ-მდე.

„მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად გაორმაგდა და 18.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია 2023 წელს. რაოდენობრივად მოცვის ექსპორტმა 3.0 მლნ კგ შეადგინა 2023 წელს, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კგ-ზე 6.1 აშშ დოლარი. საქართველოსთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარია 90%-ზე მეტი წილით, თუმცა აქტიურად ხდება ალტერნატიული ბაზრების ათვისებაც. მაგალითად, 2023 წლის ივნისში განხორციელდა ექსპორტი გერმანიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის მიმართულებით. ჩვენი აზრით, ეს ბაზრები მიმზიდველია ივნის-ივლისში (რაც საქართველოს საექსპრტო თვეებია) არსებული მოთხოვნისა და ფასის გათვალისწინებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.