თიბისი კაპიტალმა პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა. კვლევის მიზანია, კომპანიებს და ინვესტორებს გააცნოს სექტორის მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პოტენციალი.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის თანახმად, 2022 წელს FMCG ბაზარი წლიურად 37%-ით გაიზარდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, ზრდის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.
ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ნომინალური ხელფასის უფრო მეტად გაზრდაა, ვიდრე სამომხმარებლო ფასების, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯების ზრდას შეუწყო ხელი.
მოსახლეობის მიერ FMCG პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ჯერ კიდევ მზარდია, რაც გარკვეულწილად საშუალო კლასის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.
2022 წელს შინამეურნეობების საშუალო თვიური ხარჯი 2 844 ლარი იყო, საიდანაც 1324 ლარი - FMCG პროდუქციაზე, 1522 ლარი კი სხვა პროდუქტებსა და სერვისებზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობების თვიური ხარჯი, ჯერ კიდევ 2017 წელს, საშუალოდ 1351 ლარი იყო.
„FMCG პროდუქციის ფასები ჯამურ ინფლაციაზე მეტად გაიზარდა, რამაც ასევე შეუწყო ხელი ბაზრის ზრდას. ინფლაციით შესწორებული ბაზრის დინამიკა მიანიშნებს, რომ 2022 წელს ზრდა ძირითადად ძლიერი მოთხოვნით იყო განპირობებული. ინფლაციით შესწორებული FMCG ბაზრის რეალიზაციებმა 2022 წელს 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ორგანიზებულ FMCG ბაზარს, მას ჯერ კიდევ აქვს გაფართოების პოტენციალი და ძლიერ ზრდას განაგრძობს. ორგანიზებული FMCG ბაზრის ბრუნვა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და ბაზრის ბრუნვამ 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წელს, ბაზრის ბრუნვა სავარაუდოდ 7.3 მილიარდ ლარს შეადგენს.
რეგიონული FMCG ბაზარი მზარდია და ჯამური ბაზრის 66%-ს შეადგენს, თუმცა, რეგიონში მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოწვევად რჩება. 2021 წელს ჯამური FMCG ბაზრის ბრუნვიდან 4.9 მილიარდი ლარი თბილისზე მოდიოდა, 9 მილიარდი ლარი კი - რეგიონებზე, 2022 წელს რეგიონებში ბაზრის ბრუნვამ 12.5 მილიარდი ლარი, თბილისში კი 9 მილიარი ლარი შეადგინა. დედაქალაქი ორგანიზებული ბაზრით საკმაოდ გაჯერებულია, რეგიონები კი მეტწილად აუთვისებელია და ორგანიზებული ბაზრისთვის ზრდის პოტენციალს წარმოადგენს. 2022 წელს ორგანიზებული FMCG ბაზრის ყველაზე დაბალი წილი - 9-9%, გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე მოდიოდა.
მზარდი მოთხოვნა, რეგიონების მეტად ათვისება და საერთაშორისო ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ 2025 წლისთვის ორგანიზებული ბაზრის წილი 40%-ს მიაღწევს“, - აღნიშნულია კვლევაში.