,,კომერსანტის" შემაჯამებელ ეთერში ეკონომიკის დოქტორმა, ირაკლი მაკალათიამ გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, 2024 წელს დაფიქსირებული თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს. ერთადერთი სფერო, სადაც ეკონომიკური დოვლათი რეალურად იქმნებოდა, სამშენებლო სექტორია, თუმცა ამ მიმართულებით რეგულაციები მძიმდება, რაც მის სამომავლო განვითარებას შეაფერხებს.  

,,გვერდს ვერ ავუვლით, რომ პოლიტიკურმა მოვლენებმა სრულად გადაფარა ეკონომიკური მოვლენები.

ქვეყანაში, ეკონომიკური თავისუფლების დონე ძალიან დაბალია, პოლიტიკური მოვლენები ეკონომიკაზე ზოგადადაც ახდენს გავლენას და მით უმეტეს, როცა ასეა პოლიტიკა ეკონომიკაში ჩართული.

დაახლოებით, ორნიშნა, 10%-მდე ეკონომიკური ზრდით დასრულდა 2024 წელი. ეს საეჭვოა, პოზიტიური იყოს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეს არ ასახავს. ეს მაღალი ზრდა, უმეტესწილად, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, მიგრანტების შემოსვლას. მთავარი ეკონომიკური ზრდის დარგები იყო: მშენებლობა, ვაჭრობა- საფინანსო სექტორი. იმ სამშენებლო სექტორში, რომელიც დიდი კონტრიბუციით იღებდა მონაწილეობას ეკონომიკურ ზრდაში, რეგულაციები გაიზარდა, გადასახადებმა აიწია, რაც  მომავალში მის განვითარებაზეც ცუდ გავლენას მოახდენს.

წლის მიწურულს, ინვესტიციების სარეკორდო შემცირება გვქონდა, მნიშვნელოვანი დასავლური პროექტები და გრანტები შეჩერდა, ახალი პროექტები არ იგეგმება, რაც ცხადია უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

რაც შეეხება ტურიზმს, ადგილობრივი ტურისტები ნაკლებად გვყავს, რადგან ლარის მყიდველთუნარიანობა შემცირებულია. უცხოელები, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, თავს იკავებენ სტუმრებისგან.

დადებითი რაც შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია, 14%-მდე, მაგრამ აქაც რთულია ვთქვათ, რომ რეალურ ცხოვრებას ასახავს, რადგან ეს ძირითადად მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას უკავშირდება. ეს არა უმუშევრობის შემცირებაა ან ახალი ეკონომიკური დოვლათის შექმნა, არამედ რიცხვებია, რომელიც უბრალოდ ოფიციალურ სტატისტიკაში აისახება. რეალურად, ეს სოციალური შემწეობაა და არა ეკონომიკური განვითარებით გამოწვეული უმუშევრობის შემცირება",- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.