მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი მის მთავარ ღირებულებას — ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მომხმარებელს ახალ სარეკლამო რგოლს და  განახლებულ ვიზუალურ იდენტობას სთავაზობს.

„ბაკურიანის“ მთავარი გზავნილი — „ზრუნვა წყალივით გვჭირდება“  გვახსენებს, რომ ზრუნვა სწორედ ის ძალაა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს და აძლიერებს.

ახალი სარეკლამო კამპანია

„ბაკურიანი“  ზრუნვის თემას,  ახალ სარეკლამო რგოლში, ყველაზე მარტივი და ამავდროულად ნაცნობი გზით — წყლის მიწოდებით გადმოსცემს. რადგან ხშირად სწორედ წყლის მიწოდებაა ზრუნვის უმარტივესი, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი ქცევა.

სიუჟეტი ვითარდება „ბაკურიანის“ ფეხბურთის გუნდის გარშემო. რგოლის მთავარი გმირი ცუდი ხასიათის, არაკეთილგანწყობილი პერსონაჟია. ის გარშემო მყოფ ადამიანებს უხეშად ექცევა და სიმბოლურად განასახიერებს გმირს, რომელსაც აკლია ემპათია და ყურადღება. რგოლი გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება ერთმა მარტივმა, მზრუნველმა ჟესტმა — წყლის მიწოდებამ ადამიანი გააკეთილშობილოს.

ვიდეოს კულმინაციურ მომენტში, ქომაგებს შორის მოულოდნელად ჩნდება ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი — გიორგი მიქაუტაძე, რომელიც რგოლს მისთვის დამახასიათებელი ფრაზით ასრულებს. ამ კამპანიით, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის და „ბაკურიანის“ მეგობრობა იწყება.

„ბაკურიანის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანიის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო ეკა ყიფიანი, ხოლო პროექტი განახორციელა ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრიამ”.

ირინა კეიდია, კომპანია IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„მნიშვნელოვანი სიახლით ვიწყებთ სეზონს, განვაახლეთ ბრენდის ვიზუალური იდენტობა და შევქმენით ახალი საკომუნიკაციო კამპანია. „ბაკურიანი“ არის ბრენდი, რომელიც წლების განმავლობაში ხაზს უსვამს ზრუნვას და ეს ღირებულება ჩვენი კომუნიკაციის ნაწილია. ახალი კამპანიით გვინდოდა, კიდევ უფრო თვალსაჩინოდ და ემოციურად მოგვეყოლა ამბავი ზრუნვაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მეგობრობაზე და გუნდურობაზე, ამიტომ შევქმენით მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ დევი დავარქვით.

სწორედ ამ მიზნით, ავარჩიეთ ფეხბურთიც, ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობა, რომელიც გუნდურობის სიმბოლოა. ასევე, გვინდოდა, ერთ-ერთ გმირად გვყოლოდა ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის განსაკუთრებულ მაგალითს მოგვცემდა. ვფიქრობ, ვიდეორგოლი ჩვენს მიზნებს სწორად პასუხობს. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, სააგენტოს როლი, რომელმაც პირველ რიგში სწორად უპასუხა ბრიფს და საინტერესო გადაწყვეტა მოიფიქრა.“

 განახლებული ვიზუალური იდენტობა

საკომუნიკაციო კამპანიის პარალელურად, განახლდა „ბაკურიანის“ ვიზუალური იდენტობა. ბრენდმა წარადგინა პრემიუმ შეფუთვა — ახალი შუშის ბოთლი თანამედროვე დიზაინით. გამჭვირვალე ბოთლზე განთავსებული მთის გრავირება, ხაზს უსვამს წყლის წარმოშობის ადგილს — ბაკურიანის მთებს.

„ბაკურიანის“ ახალი დიზაინის შექმნაზე იტალიურმა სააგენტო Pagina-მ, ხოლო ლოგოს ქართულ ტიპოგრაფიაზე დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ იმუშავა.

განახლებული ბოთლი მალე გამოჩნდება და ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდება.