,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’’ ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ნაწილი მოპოვების შემცირებაზე ალაპარაკდნენ. ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება, რადგან ბაზარზე პროდუქტის შემცირება ფასის მატებას გამოიწვევს. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა სრულად საერთაშორისო ბაზრებზეა დამოკიდებული და დეფიციტის შემთხვევაში მომწოდებელი ქვეყნები ნავთობპროდუქტებს გაგვიძვირებენ.
„ზოგიერთმა სანავთობო ქვეყანამ დასვა საკითხი, რომ შევამციროთ მოპოვებაო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მოპოვების შემცირება არაფერს კარგს არ მოიტანს ჩვენთვის, როგორც მომხმარებელი ქვეყნისთვის. საქმე ისაა, რომ როცა შეიქმნება დეფიციტი მაშინ შეიქმნება ფასის მომატების ტენდენცია. როცა პროდუქტი აღარ ყოფნის ბაზარს, ბუნებრივია ის დაიწყებს მატებას, რასაც ჩვენ არ მივესალმებით. რადგან ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საერთაშორისო სანავთობო ბაზრებზე გაძვირდეს საწვავი. ავტომატურად ის ქვეყნები, რომლებიც გვაწვდიან ჩვენ აყვებიან გაძვირების პროცესებს. ერთ-ერთი ანალიტიკოსი წერს, რომ ბაზრებზე შეიძლება მოიმატოს ფასებმა.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’’ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მუდმივად ცდილობენ ბაზარზე ფასები აკონტროლონ. ამ მიზნით ისინი მოპოვების მასშტაბებს ცვლიან და ცდილობენ ბაზარს ჭარბი რაოდენობის პროდუქტი არ მიაწოდონ. ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, რომ პროდუქტის მოცულობაზეა დამოკიდებული ფასის სტაბილურობა. მისივე თქმით, საქართველო როგორც მომხმარებელი ქვეყანა ერთ-ერთ სტაბილურ ბაზარს წარმოადგენ, რადგან ჩვენთან მაღალია კონკურენცია.
,,საერთაშორისო სანავთობო მამები ყოველთვის ცდილობენ იმას, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე არ იყოს ჭარბი პროდუქტი. ჭარბ პროდუქტს მოაქვს სტაბილიზაცია და ფასების სტაბილურობა. ბუნებრივია ამას არეგულირებენ სათავისოდ. ჩვენ, როგორც მომხმარებელი ქვეყანა, ვართ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ბაზარი. ჩვენთან არის დიდი კონკურენცია. საუბარი მაქვს კომპანიების რაოდენობაზე, ეს არის მულტინაციონალური კომპანიები, დიდი კომპანიები მაქვს მხედველობაში და არის ასევე პატარა კომპანიები. ანუ არაბრენდირებული კომპანიები. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კონკურენცია. გვაქვს ყველაზე იაფიანი კომპანიაც. ვერ ვიტყვი იმას, რომ ხარისხის საკითხი დგას იაფიან კომპანიასთან. რომ ნახოთ როგორი ავტომობილები დგანან მის გასამართ სადგურებში ყველა კითხვას გასცემ პასუხს, რადგან ძალიან ძვირიანი მანქანები დგანან და ისხამენ იაფიან საწვავს.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.