"ყვარლის ბაგა" ფართოვდება. კომპანია მარცვლეულის შემნახველი საწარმოს აშენებას აპირებს. პროექტის ღირებულება  3 მილიონი დოლარი იქნება. რძის გადამუშავების სექტორში 14 წლიანი ოპერირების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ყვარლის ბაგა" ინვესტიციას საკუთარ, მარცვლეულის შემნახველ საცავში განახორციელებს.

კომპანიის დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით განვითარების საჭიროება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების სასაწყობე სივრცეების  ნაკლებობის გამო დადგა დღის წესრიგში.

"ქვეყანაში ძალიან ცოტაა ევროპული სტანდარტების მქონე მარცვლეულის საცავები,  რომლის განიავება,  ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება  იქნება შესაძლებელი. მეთოთხმეტე წელია რძის ბიზნესში ვარ და წელს ვაპირებ განვახორციელო პირველი ინვესტიცია და მე თვითონ შევინახო საკვები ბაზა, მათ შორის მარცვლეული დასავლური სტანდარტით.  ეს კომპლექსური საკითხია,  ამ მიმართულებით სპეციალისტების პრობლემაცაა. 

კარგად მართვაა საჭირო, რომ მარცვლეულის  მიღებიდან დაწყებული განიავებით დამთავრებული  ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვა მოხდეს."- აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

bp.ge