გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. 14 აპრილისთვის ძვირფასი ლითონის ფასმა რეკორდი მოხსნა და უნციის ფასი 3 239 დოლარით განისაზღვრა. 

Gold Price-ის მონაცემებით, ოქროს ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 6.1%-ით არის გაძვირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი წლის პერიოდში ფასის თითქმის 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.

,,ზარაფხანას"  აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე სამხარაძის შეფასებით, ოქროზე ფასების ზრდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას უკავშირდება და თუ სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა. სამხარაძე "კომერსანტთან" არ გამორიცხავს, რომ ფასი ისევ გაიზარდოს. სამხარაძე ამბობს იმასაც, რომ გაზრდილი ფასის გამო, გლობალურ ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა შემცირებულია. 

"ჩვენ მწარმოებელი კომპანია ვართ და შესასყიდი ნედლეული მყისიერად გვიძვირდება, როგორც კი ფასები იცვლება საერთაშორისო ბირჟაზე. ჩვენს ნაკეთობებზე ფასი არ გაზრდილა, რადგან ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესებს და შექმნილ მდგომარეობას. ჩემი ინფორმაციით, ფასების გაძვირება უნცია ოქროზე, მოთხოვნაზე უკვე აისახა, ანუ როცა ფასი იზრდება, ოქროზე მოთხოვნა იკლებს.

3200 დოლარი უნციაზე არის ის ნიშნული, რომლის შემდეგაც იძულებულები ვიქნებით, პროდუქცია გავაძვიროთ. რამდენიმე დღეა, ოქროს ფასი ამ მაჩვენებელს გადასცა, მაგრამ ჯერ გაძვირებას არ ვჩქარობთ, იმედი გვაქვს, რომ ფასები დაიკლებს და 3015 დოლარის ფარგლებში გაჩერდება. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ოქროს ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს და თუ დესტაბილიზაცია იქნება, ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება",- აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.