„რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კადრი მიდის საქართველოდან. ყოველდღე მესმის – ვეძებთ ხელებს, ვისაც მუშაობა უნდა,” - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა“  შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დასაქმდნენ საქართველოში მდებარე სასტუმროებსა და რესტორნებში.

„ყველაზე დიდი პრობლემა სერვისში არის კადრები. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი კადრი გადის საქართველოდან. ყოველდღე მესმის, ”ჩემი კადრი წავიდა საზღვარგარეთ”. მინდა ვაღიარო, რომ ჩვენი ხელფასები არ შეესაბამება იმ ხელფასებს, რომელიც ევროპაშია. ჩვენთან რასაც ლარში იღებენ, იგივე ხელფასი აქვთ ევროში. თუმცა, საქართველოში ხელფასები პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 30 პროცენტით არის გაზრდილი. ვეძებთ ხელებს, ვისაც მუშაობა უნდა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ სერვისის დონემ ჩამოიწია. პანდემიამდე საკმაოდ დიდი დრო, ხარჯი გვქონდა გაწეული, რომ სერვისის დონე აგვეწია, მაგრამ პანდემიის დროს ამ პერსონალის 70-80 პროცენტი დავკარგეთ. დატრენინგებული პერსონალი დავკარგეთ, შესაბამისად სულ თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. არ გამოვრიცხავ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები დასაქმდნენ სასტუმროებსა და რესტორნებში,”- განაცხადა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.