„ვაზიანის აეროპორტს რომ აანონსებს მთავრობა, „თურქეთის ავიახაზებმა“ რომ თქვას - არ მინდა ვიფრინო ვაზიანშიო, რას ვაკეთებთ?!“ - ამის შესახებ „ეარ ჯორჯიასა“ და HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„როცა საუბრობს აეროპორტი, რომ ამდენ მგზავრს გადაიყვანს, კითხვა მაქვს: აეროპორტს რა უფლება აქვს მგზავრი გადაიყვანოს?! მგზავრი გადაჰყავს ავიაკომპანიას ანუ ვაზიანის აეროპორტს რომ აანონსებს და გვადარებინებს მთავრობა, თურქეთში ასე მოხდაო, იქ გარიგება მოხდა ავიაკომპანიასა და მთავრობას შორის და აეროპორტი რა შუაშია?! რომ თქვას „თურქეთის ავიახაზებმა“ არ მინდა ვიფრინო ვაზიანშიო, რას ვაკეთებთ?! მგზავრი არ ეკუთვნის აეროპორტს, აეროპორტი მუშაობს, რომ ავიაკომპანიები მოიზიდოს, ერთ ავიაკომპანიას კი შეუძლია 20 მლნ მგზავრი მოიზიდოს...

მე ბატონ პრემიერს წერილი მივწერე და განვუმარტე, რას ნიშნავს „ჰაბი“, ეს არის ავიაკომპანიის ტერმინი და არა აეროპორტის. აეროპორტი ჰაბი ვერ იქნება. ავიაკომპანია უნდა იყოს ჰაბი და მას უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურის შემქმნელი აეროპორტი,“ - აღნიშნა მან.

გიორგი კოდუას თქმით, პრემიერი მას დაჰპირდა, რომ დაუკავშირდება და იმედოვნებს, ამ საკითხზე დეტალური საუბარი ექნებათ.

„მზად ვარ, ყველანაირად ვითანამშრომლო მთავრობასთან იმ გაგებით, რომ ჩემი ოცნებაა, საქართველო კავკასიის ცენტრი გახდეს და რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და რისი ამბიციაც გვაქვს ამ დარგში, განხორციელდეს. თუ არ იქნება ჩვენი კოორდინირებული თანამშრომლობა, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება. უცხო კომპანიების შემოსვლით ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. აბსურდია, 20 მილიონი მგზავრი მოიყვანოს უცხო კომპანიებმა. მათემატიკურად დაგითვლით, ეს არ გამოდის,“ - განაცხადა გიორგი კოდუამ.

www.bpn.ge