ცნობილი რესტორნები ,,ტაბლა’’ და ,,პომოდორისიმო’’ ახალ სივრცეს ეძებენ. რესტორანმა ,,ტაბლა“ განცხადება სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა და მოქალაქეებს ფართის მოძიებაში დახმარება სთხოვა. დეტალები უცნობია, თუმცა განცხადებიდან ირკვევა, რომ რესტორნების ახალი მისამართი ვაკე-ვერის ტერიტორიაზე იქნება, რადგან მეპატრონეები ფართს სწორედ ამ უბნებში ეძებენ. განცხადებიდან ირკვევა, რომ რესტორნები არ გამორიცხავენ ისეთი სივრცის მოძიებას, სადაც მხოლოდ სამზარეულოს განათავსებენ და გატანის სერვისზე იმუშავებენ.

,,დიდი სურვილი გვაქვს, განვაახლოთ თქვენი მასპინძლობა და ახალ, კიდევ უფრო, საინტერესო ლოკაციაზე შემოგთავაზოთ კულინარიული თავგადასავლები. ვაკისა და ვერის ტერიტორიაზე ვეძებთ რესტორნისთვის ან მხოლოდ სამზარეულოსთვის (მიტანის სერვისზე სამუშაოდ) კეთილმოწყობილ ფართს. თუ ფლობთ მსგავს ფართს გთხოვთ მოგვწეროთ.’’- ვკითხულობთ ,,ტაბლას’’ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ფართის მოძიების საჭიროება რესტორნებს მას შემდეგ დაუდგათ, რაც 21 დეკემბერს ჭავჭავაძის 33 ნომერში გაჩენილმა ხანძარმა სივრცე სრულად გაანადგურა. - ,,თქვენი თანაგრძნობა და ზრუნვა ერთი წამით არ გვაძლევს უფლებას ფარ-ხმალი დავყაროთ. 100-ზე მეტი პროფესიონალისაგან შემდგარი ჩვენი გუნდი თქვენთან შეხვედრას და მალე დაბრუნებას მოუთმენლად ელის.’’- წერია განცხადებაში.