მაისში ვაკანსიების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით,  ბაზარი მაინც პასიურია, - ამის შესახებ hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ვაკანსიების ზრდის ტემპი თებერვლიდან დღემდე მხოლოდ 1-2%-ით არის მომატებული.

,,მაისის თვეში დასაქმების ბაზარზე მოთხოვნა, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა,  თუმცა წინა წლებთან შედარებით ინტენსივობა მაინც დაბალია. ამჟამინდელი მონაცემებით, ჩვენს საიტზე 4000-მდე ვაკანსიაა აქტიური. ყველაზე მეტად „ჰორეკა“ სექტორი გააქტიურდა, აღნიშნულ კატეგორიაში, ვაკანსიების ყველაზე მეტი, 19%-ი გამოქვეყნდა; მეორე ადგილს გაყიდვები იკავებს 17%-ით, მესამე - საბანკო სექტორი 10%-ით, სამედიცინო სფერო - 8% და სხვა.

ზოგადად, წინა წლებთან შედარებით, ვაკანსიების ზრდის ტემპი არ შეინიშნება. ზრდა არის, განსაკუთრებით თებერვლის თვესთან შედარებით, თუმცა ეს უმნიშვნელოა, დაახლოებით 1%-2%-იანი. დასაქმების ბაზარზე პასიურობა ძირითადად ივლისიდან იწყება და აგვისტოს მეორე ნახევრამდე გრძელდება.

ვაკანსიები ძირითადად დამწყებ და საშუალო რგოლის პოზიციებზე ცხადდება, ბოლო წლებია, მაღალ პოზიციებზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია. ტოპ მენეჯმენტის ვაკანსიები 0.08% თუ იქნება, რადგან კომპანიებში ამ მიმართულებით მოთხოვნა, როგორც აღვნიშნე, ძალიან დაბალია",- აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.