რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ზეთებისა და საპოხი მასალების საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიის, UG Lubricants -ის მთავარმა საწარმომ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში  გადმოინაცვლა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ქრისტინა დოხნაძე გვიყვება, რომ UG Lubricants-ის ისტორია მე-20 საუკუნიდან იწყება და სწორედ ამ დროიდან, კომპანია ხარისხის გარანტია ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

,,უჯ ლუბრიკანტს”(UG Lubricants) ნიშნავს ქართულ და უკრაინულ ლუბრიკანტებს. ჩვენი კომპანია მსოფლიო ბაზარზე 1937 წლიდან არის წარმოდგენილი, მაგრამ აქამდე სათავო ოფისი უკრაინაში მდებარეობდა. ომის დაწყების შემდეგ, ბერდიანსკი ერთ-ერთი პირველი ოკუპირებული ქალაქი გახდა რუსების მიერ, სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი მთავარი ქარხანა, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანას აწვდიდა ნებისმიერი ტიპის საპოხ მასალას. ოკუპაციის  შემდეგ გადააწყდა, რომ მთავარი ქარხანა საქართველოში, ქუთაისში გადმოეტანათ, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა“,- ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ქრისტინა დოხნაძე.

დოხნაძის თქმით, UG Lubricants ბრიტანული ტექნოლოგიებით აწარმოებს ზეთს, რომელიც უკვე 37 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და ამასთან,  „მერსედესის“ ოფიციალური დაშვებითაც სარგებლობს. ამ ეტაპზე, კომპანიის მთავარი მიზანი ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ბაზრების დაბრუნება და ქართულ ბაზარზე პოპულარულობის გაზრდაა.

„ყველა ჩვენი პროდუქცია ბრიტანული ტექნოლოგიებით მზადდება, ეს ჩვენი პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავს. პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე, ლიბიას, იემენს, მაროკოს; ბოლო სამ თვეში დავიმატეთ ვიეტნამი, ფინეთი და ეგვიპტე.

საქართველოდან ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია 37 ქვეყანაში გადის. ამჟამად მთავარ მიზნად გვაქვს, რომ იმ ქვეყნების ნაწილი დავიბრუნოთ, რომელთანაც „იუჯი ლუბრიკანტსი“ ომის დაწყებამდე თანამშრომლობდა. ასევე, გვინდა, რომ საქართველოს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი და დავამტკიცოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ.

 მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული ლაბორატორია, რომელიც ევროპულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ჩვენს ზეთს აქვს “მერსედესის“ ოფიციალური დაშვება, რითაც ვამაყობთ“,- აღნიშნა ქრისტინა დოხნაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.