საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასები ბოლო ოთხი წლის მინიმალურ ნიშნულზეა. ასეთი დაბალი ნავთობის ფასი ბოლოს 2021 წელს აგვისტოში იყო. ფასის ვარდნა საქართველოში ბენზინის ფასზეც აისახა. ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირდა.
ბენზინის ფასის შემცირებას Wissol-ში ნავთობის ბაზარზე არსებული დინამიკით და ლარის კურსის გამყარებით ხსნიან. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ თუ საწვავის ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვანი კომპონენტები ამ დინამიკას შეინარჩუნებენ, უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასებს კიდევ შეამცირებენ.
„Wissol მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე ფასები მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე უკვე 20 თეთრზე მეტით შეამცირა. თუ საწვავის ფასწარმოქმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები აღნიშნულ დინამიკას შეინარჩუნებენ, უახლოეს პერიოდში კომპანია საწვავზე ფასების კიდევ შემცირებას გეგმავს“, - აცხადებენ „ვისოლში“.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ პრეზიდენტი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ნავთობზე პასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება. ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო სანავთობო ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებაა საჭირო, რათა ფასის ცვლილება მოულოდნელად არ მოხდეს.
,,საჭიროა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ერთხელ და სამუდამოდ ითქვას ის, რომ საჭიროა წესრიგი და ასე ფასის უპრაკუნოდ აწევა და დაწევა არ უნდა ხდებოდეს. უნდა იყოს სტაბილურობა და წესრიგი. ჩვენნაირი არასანავთობო ქვეყნები მთიანად დამოკიდებულია მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე. ანუ მოიმატებს იქ, მოიკლებს იქ, რაიმე ცვლილებები მოხდება იქ - ეს აუცილებლად გავლენას ახდენს ყველა მომხმარებელ ქვეყანაზე. ზუსტად მომხმარებელ ქვეყანაზე და არა მწარმოებელ ქვეყანაზე. როდესაც ე.წ. ოპეკის, სანავთობო ქვეყნები შეიკრიბებიან და იტყვიან მოვუკლოთ მოპოვებას, ან ავწიოთ ფასი, წარმოიდგინეთ, ყველა ის რაოდენობა რომელიც დააკლდა მსოფლიო სანავთობო ბაზარს ის უარყოფითად მოქმედებს მსოფლიოში ნავთობის ფასებზე. იქმნება დეფიციტი და ამიტომ.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.