საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი გაიაფების ტენდენციას ინარჩუნებს. ბოლო პერიოდში საწვავის ფასი 9-10 თეთრით შემცირდა. ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე კომერსანტთან აცხადებს, რომ მისი მოლოდინით ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება. ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, რომ ნავთობპროდუქტების ფასზე გავლენას პოლიტიკური ფაქტორები ახდენენ. ამ გარემოების გათვალისწინებით, პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნდება.

 

,,ნავთობპროდუქტების ბიზნესის პოლიტიკაში არანაირი მოლოდინები, წინასწარმეტყველება არ არსებობს. კარგია, რომ შენარჩუნებულია ეს ტენდენცია. პოლიტიკური ვითარება თავის კვალს აუცილებლად ტოვებს. კარგია ის, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. კარგია ის, რომ გრძელდება ფასთა კლება. ფაქტორები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ არ ჩერდება ეს ძალიან კარგი სიტუაცია მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე. ჩვენთვის კარგი სიტუაციაა, თორემ ვიღაცისთვის შეიძლება ნერვების მომშლელიც არის, რომ იკლებს ფასები. მაგრამ, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არსებული სიტუაცია ჩემი მოლოდინებით კიდევ გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ მისაღები სიტუაცია იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ პოლიტიკური ვითარება მსოფლიო მასშტაბით როგორიც არის, ისეთია მსოფლიო ეკონომიკა. თუ არ დაიძაბება ტენდენცია გაგრძელდება. თუ არ მოხდება ცუდი პოლიტიკური კატაკლიზმები ჩემი მოლოდინით, ეს ტენდენცია გაგრძელდება.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

 

 

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ ნავთობპროდუქტებზე გაიაფება სხვა ინდუსტრიებსაც შეეხება და მათი ფასიც დაიწევს.

,,9-10 თეთრით გვაქვს გაიაფება. ეს არის ბოლო დღეების მონაცემი. დაიწყო გაიაფება კომპანია ,,ვისოლმა“ და ,,გალფმა“ და ამას მიყვება მთელი ინდუსტრია. ბიზნესისთვის ეს ნამდვილად დადებითი სიტუაციაა. აქ არ არის ლაპარაკი მარტო ნავთობპროდუქტების ფასებზე. საუბარია საერთოდ ყველაფერზე რაც რაღაც ღირს, რაც ხშირად არ მოგვწონს, არ მოგვწონს პროდუქტის ფასები. კარგია, როდესაც რეგულირდება ფასები და როდესაც ფასები ქვევით მოდის.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

მარტის ბოლოს ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებში საწვავის  ღირებულება 10-13 თეთრით შემცირდა. მაისის დასაწყისში ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ კიდევ 9-10 თეთრით დაიწია.