თბილისის შემოგარენში აგარაკების დაქირავების ფასი დაახლოებით შარშანდელი სეზონის მსგავსია და საშუალოდ სახლის ქირაობა ზაფხულში 1 თვით 2000 დოლარიდან იწყება.
Georealty-ის დამფუძნებელი, რეალტორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია გამზარდია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აგარაკებზე და მიწებზე მოთხოვნა მზარდია, რაც შეეხება კონკრეტულ სეგმენტს, ყველაზე მეტად მოთხოვნადი პრემიუმ კატეგორიის სახლებია როგორც ყიდვის ასევე ქირაობის მხრივ.
„აგარაკების და მიწების ყიდვა ყოველთვის იყო მოთხოვნადი, ფასებიც მზარდია და ის საკმაოდ დეფიციტურია, ასე იქნება წლევანდელ ზაფხულის სეზონზეც, რადგან თბილისის მიმდებარე ტერიტორიები სეზონურად ერთი ხელის მოსმით ქირავდება.
რაც შეეხება იჯარის ღირებულებას, ფასები აქაც მაღალია და ეს მაჩვენებლები დაახლოებით წინა წლის შესაბამისია. მაგალითად შარშან სეზონზე, ზაფხულის 3 თვეს ვგულისხმობ, წყნეთში 10 000 დოლარი და მეტიც ღირდა სახლების ქირაობა.
ზოგადად პრემიუმ სეგმენტზე, მაღალი კლასის აგარაკებზე, თუნდაც სეზონურად დაქირავების პირობებში ფასი ბევრად უფრო ზრდადია და მაღალია, ვიდრე ბიუჯეტურ სეგმენტზე. პრემიუმ სეგმენტის აგარაკების აშკარა დეფიციტია, სწორედ ამის მიზეზია მასზე ყოველწლიურად ფასების ზრდა“, - აღნიშნავს მაია გამზარდია.
მისი თქმით თბილისთან ახლომდებარე თითქმის ყველა სააგარაკე ადგილი მოთხოვნადია, მათ შორის წყნეთი, წავკისი, ოქროყანა, საგურამო და ა.შ.