ქვეყანაში თხილის მოსავალი, სულ მცირე, 20%-ის ფარგლებშია შემცირებული, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ განუცხადა.
მისი თქმით, თუ გასულ წელს საქართველომ, დაახლოებით, 46 ათასი ტონა გაუტეხავი თხილი მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი 38 ათასი ტონის ფარგლებშია.
როგორც მერაბ ჭითანავა განმარტავს, ქართული თხილის სექტორი გამოწვევის წინაშე ხშირმა წვიმებმა და მავნებლებთან ბრძოლის სირთულეებმა დააყენა, რამაც მოსავლის რაოდენობასთან ერთად, გააუარესა თხილის ხარისხიც.
„ცხადია, ეს ყველაფერი გამოწვევებს ქმნის საექსპორტო მიმართულებითაც. ვფიქრობ, წელს საექსპორტო ბაზრებზე საქართველოს ძალიან გაუჭირდება კონკურენციაში შესვლა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: თურქეთი, ამერიკა და ჩილე, რადგან ამ სახელმწიფოებში კარგი მოსავალი მიიღეს და ფასებიც კონკურენტუნარიანი აქვთ. მიმდინარე წელს, გლობალურ ბაზრებზე 1 კილოგრამი თხილის საშუალო ფასი 7.5 ევროს ფარგლებშია“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში წელს მიღებული თხილის მოსავლის 40%-ია ექსპორტზე გასული. საექსპორტო ქვეყნებში კვლავ იტალია და გერმანია ლიდერობენ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების ექსპორტით მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითისთვის, შემოსავლებმა 2025 წელს 171 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2024 წელთან შედარებით, თითქმის, 62%-იანი ზრდა იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან კაკლოვანი კულტურების ექსპორტში ყველაზე დიდი წილი სწორედ თხილის სექტორს უკავია.