„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ირანისთვის კვლავ მიუღებელ პროექტად რჩება. თეირანი მის განხორციელებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ირანის ინტერესებსა და რეგიონულ პოზიციებს საფრთხეს უქმნის.
ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აქბარ ველაიათიმ, სომხეთი გააფრთხილა, რომ თეირანი პროექტის განხორციელებას არ დაუშვებს. მისი განცხადება ირანულმა გამოცემა Ettelaat-მა გაავრცელა.
ველაიათის თქმით, ირანის პოზიცია სომხეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი სომხეთის ელჩთან საუბრის დროსაც წამოჭრა და თეირანის მკაცრი დამოკიდებულება პირდაპირ გააცნო.
„მე პირდაპირ ვუთხარი სომხეთის ელჩს: თუ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირანისთვის ამ წითელი ხაზის გადალახვას შეეცდებიან, ჩვენ მათ ფეხებს მოვამტვრევთ“, — განაცხადა ველაიათიმ.