მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი სისტემა, რომელიც შეაფასებს, ევროპის რომელ სანაპირო რაიონებში წარმოადგენს ხელოვნური განათება ყველაზე დიდ საფრთხეს ზღვის ორგანიზმების და ეკო–სისტემებისთვის. აქამდე არ არსებობდა ხელოვნური ღამის განათების შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები.
ამიტომ, კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა ახალი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს სანაპირო ქალაქებიდან სინათლით დაბინძურების ხარისხს ზღვის წყლის გამჭვირვალობისა და სინათლის შეღწევის სიღრმის მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ ღამის განათება ყველაზე ძლიერად მოქმედებს ნახევრად დახურულ აკვატორიებზე, რომლებიც რამდენიმე მხრიდან ხმელეთით არის გარშემორტყმული. ევროპის ზღვებს შორის, ასეთ დაბინძურებას ყველაზე მეტად ადრიატიკისა და ბალტიის ზღვები, ასევე ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი ნაწილი განიცდის.
შკალის მეორე ბოლოში იყო უფრო ღია წყლები: ბარენცის და ისლანდიის ზღვები, ასევე მაკარონიეზია, რეგიონი, რომელიც მოიცავს კანარის კუნძულებს, აზორის კუნძულებს, მადეირას და კაბო-ვერდეს.
თუმცა, ეს წესი ყოველთვის არ მოქმედებს. ჩრდილოეთის ზღვა ასევე მაღალი რისკის ქვეშაა, რადგან ნავთობისა და გაზის საბადოები და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან სინათლით დაბინძურებას ქმნის.
კვლევის ავტორებმა უკვე შესთავაზეს რამდენიმე გზა ხელოვნური განათების საზღვაო გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. სინათლით დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ტერიტორიების უმეტესობა პოპულარული ტურისტული ადგილებია. ამიტომ, მეცნიერები ადგილობრივ ხელისუფლებას ურჩევენ, რომ ქუჩის განათება მოდიფიცირდეს, მაგალითად, დამონტაჟდეს ეკრანები, რომლებიც სინათლეს ქვემოთ მიმართავს, შემცირდეს ქუჩის ნათურების სიკაშკაშე ან ღამის გარკვეულ საათებში განათების ნაწილი გამორთონ.