თხილის დაბინავების პროცესი 5 აგვისტოდან აქტიურ ფაზაში შევიდა. წელს, საქართველო 30%-ით მეტ მოსავალს ელოდება.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ წელს ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი აღარ არის და თუ გასულ წელს მკრეფავების დღიური ანაზღაურება 70 ლარი იყო, მიმდინარე წელს 40 ლარია.
„წელს მოსავალი ალბათ, გასცდება 50 000 ტონას, რაც გასული წლის მოსავალზე 30%-ით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ წამლობასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსავლის დროული დაბინავება, რომ ხარისხი და სტანდარტი შევინარჩუნოთ. როგორც უკვე ჩანს, წელს მუშახელი ისეთი ძვირი არ იქნება, როგორც შარშან.
ტენდენცია ასეთია, თუ შარშან 1 დღე 70 ლარი ღირდა, წელს 40 ლარია დაფიქსირებული დღიური სარგო. ფერმერებისთვის ეს ხელმისაწვდომობას გაზრდის. როგორც ჩანს, დეფიციტი აღარ არის ბაზარზე და შრომითი რესურსის მოწოდება უფრო დიდია. კარგია ისიც, რომ ფერმერთა აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახებით თავად ერთვება პროცესში, ადრე კი, სამწუხაროდ, მხოლოდ მკრეფავებს ელოდებოდნენ. მოთხოვნას ესეც ზრდიდა. წელს კი, ბალანსის იმედი გვაქვს“ - განუცხადა გიორგი თოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.
bpn.ge