„ეს ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ნაწილია. ამაში სიურპრიზი არაფერი არ არის“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია რუსეთის მიერ ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალურმა ზედამხედველობის სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. 2026 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ მწარმოებელს შეეხო.

აკრძალული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალში არიან: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.

როგორც თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, არგუმენტი, თითქოს ეს გადაწყვეტილება პროდუქციის ხარისხს უკავშირდება, რუსული იდეოლოგიის ნაწილია.

ბიზნესმენი ოფიციალური მოსკოვის ამ ნაბიჯს ძალის დემონსტრირებად აფასებს და აცხადებს, რომ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ რეალიზაციის არეალი საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთია, რუსეთი კი მათ ინტერესებში არ შედის.

„თუ ეს ხარისხის გამო მოხდა, უცოდინარობის ან არაკომპეტენტურობის ბრალია. ისე კი, ჩვენი რეალიზაციის არეალი საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთია. მთელი ჩვენი სტრუქტურა სწორედ ამაზეა მორგებული. რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის. მაგრამ ის, რომ თითქოს ეს ხარისხის გამო მოხდა, რუსული იდეოლოგიის დიდი ნაწილია.

საქმის კურსში არ ვარ, რა შედის ან როგორ შედის. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ინტერესებში ეს არ შედის და არც გვაინტერესებს ამ თემის გარშემო აზრების ჩამოყალიბება. ჩვენზე ეს აბსოლუტურად ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

დღეს როგორც მოვიკითხე, გაცილებით მეტი კომპანიაა, ვისაც პროდუქციის შეტანა აუკრძალეს, უბრალოდ, მხოლოდ ესენია დასახელებული.

ეს ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ნაწილია. ამაში სიურპრიზი არაფერი არ არის. ეს ნიშნავს, რომ აკეთებენ დემონსტრირებას: „ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ“. რად უნდა ამის დემონსტრირება? ისედაც ხომ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაცია ჯარითა და ტერიტორიით ჩვენზე ძლიერია, ჩვენ ამაზე პრეტენზიას ხომ არ ვაცხადებთ?!

მაგრამ ზედმეტად გვაგრძნობინებს, არ გაბედოთ, ფეხი არ წაგიცდეთ და არ გახდეთ იმ ევროპის ნაწილი, რისკენაც ჩვენ მივდივართ. ეს პოლიტიკურ ნაწილში, თორემ „კოკა-კოლას“ კონტექსტში, ეს თემა საერთოდ არ გვაინტერესებს. აბსოლუტურად!

ეს არ არის გაფრთხილება, გაფრთხილება სხვა რამეა. როგორი მომენტია იცით, რომ ზედმეტად არ გათამამდე, ზედმეტი არ გააკეთო, არ მისცე შენს თავს თავისუფალი აზროვნებით საუბრის უფლება.

თორემ ის, რასაც ხარისხზე საუბრობენ, ამ თემის ძალიან დაბალი დონის შეფასებაა. ჩვენი პროდუქციის ხარისხი მოწმდება ბელგიის ცენტრალურ ლაბორატორიაში, სადაც დარღვევებზე გაცილებით მკაცრი ზომებია, ვიდრე ეს ჭორაობა.

ამ თემაზე საუბარიც კი ზედმეტია. ვინ მოგვცემს ხარისხის დარღვევის უფლებას „კოკა-კოლის“ სისტემაში, გინდ საქართველოში და გინდ მთელ მსოფლიოში?! ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ საქართველოდან რუსეთში პირდაპირ ექსპორტს არ ახორციელებს და კომპანიის პროდუქციის გატანა ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საბითუმო პარტნიორების მეშვეობით არის შესაძლებელი. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ გლობალურ „კოკა-კოლასთან“ შეთანხმებით ხდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი