სწრაფი კვების ობიექტი Grill Stop-ი ფართოვდება - კომპანია დამატებით 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც Grill Stop-ისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგოს" თანადამფუძნებელმა დავით გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ობიექტები თბილისსა და კახეთშია განთავსებული.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თბილისის მასშტაბით, ჯამში 8 ობიექტი იქნება განთავსებული, ხოლო კახეთში 3 ობიექტი.

დავით გელაშვილის განცხადებით, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და კომპანია სამომავლოდ სხვა რეგიონებში გაფართოებასაც განიხილავს.

"სწრაფი კვების ობიექტებში წარმოდგენილია პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები, ვაფლები, ბურგერი და ა.შ. გარდა ამისა, ობიექტებზე ყავის მიმართულებაც არის და "პინგოს" პროდუქცია, მათ შორის, ჩამოსასხმელი ნაყინიც.

Grill Stop-ის ცენტრალური წარმოება გურჯაანში მდებარეობს, სადაც ყველა პროდუქცია მზადდება და იქიდან მარაგდება ობიექტები. თავდაპირველად პროექტში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მიმდინარე წლის გაფართოება დაახლოებით, 500 000 ლარს მოიცავს", - აცხადებს დავით გელაშვილი.

ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში არის შესაძლებელი.

bp.ge