20–22 ოქტომბერს „ტოიოტა კავკასიამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X da bZ4X Touring-ის პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტოიოტას სრულად ელექტრო მოდელები არა მხოლოდ პრეზენტაციაზე გაეცნოთ, არამედ რეალურ გზაზე, სხვადასხვა გარემოსა და დინამიკურ პირობებში გამოეცადათ.

ღონისძიება თბილისში დაიწყო, სადაც მოწვეულ სტუმრებს Toyota bZ4X-ის ოჯახი წარუდგინეს. ამის შემდეგ მონაწილეებმა კახეთისკენ აიღეს გეზი და ელექტრო ავტომობილები თბილისი–კახეთის მარშრუტზე თავად გამოსცადეს.

ღონისძიების კონცეფცია, Beyond Electric, ტოიოტას ელექტრომობილობისადმი მიდგომას გამოხატავდა: ელექტრო ტექნოლოგია მხოლოდ ძრავის ტიპის ცვლილებას არ ნიშნავს. ის აერთიანებს მართვის გამოცდილებას, პრაქტიკულობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ტექნოლოგიურ განვითარებას.

განახლებული Toyota bZ4X

Toyota bZ4X საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა. ეს ბრენდის სრულად ელექტრული SUV-ია, რომლის განახლებული ვერსია უფრო მაღალი სიმძლავრით, გაუმჯობესებული ეფექტიანობითა და გაზრდილი სვლის მარაგით გამოირჩევა.

მოდელი ხელმისაწვდომია როგორც წინა, ისე სრულამძრავიანი კონფიგურაციით და სხვადასხვა ტევადობის ბატარეით. 73.1 კვტ/სთ ბატარეის მქონე წინაამძრავიანი ვერსია 224 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი სვლის მარაგი WLTP ციკლით 569 კილომეტრამდე აღწევს.

სრულამძრავიანი bZ4X-ის სიმძლავრე კი 343 ცხენის ძალაა. ამ ვერსიის სვლის მარაგი WLTP ციკლით 516 კილომეტრამდეა, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 5.1 წამი სჭირდება.

განახლება შეეხო არა მხოლოდ ელექტრულ სისტემას, არამედ ავტომობილის მართვისა და კომფორტის მახასიათებლებსაც. გაუმჯობესებულია ბატარეის თერმული მართვა, ოპტიმიზებულია ელექტრული ამძრავი სისტემა, ხოლო სწრაფი DC დამუხტვისას ბატარეის 10-დან 80%-მდე შევსება დაახლოებით 28 წუთშია შესაძლებელი.

მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერიერიც. სალონში მთავარი აქცენტი ახალ 14-დუიმიან ცენტრალურ სენსორულ ეკრანზე კეთდება, განახლებულია ცენტრალური კონსოლი, ხოლო ხმაურისა და ვიბრაციის შესამცირებლად დამატებითი სამუშაოებია ჩატარებული.

Toyota bZ4X Touring - მეტი სივრცე და მეტი შესაძლებლობა

კახეთში სტუმრებს ასევე Toyota bZ4X ოჯახის ახალი წევრი - bZ4X Touring წარუდგინეს.

Touring სტანდარტულ bZ4X-თან შედარებით დაახლოებით 14 სანტიმეტრით გრძელი და 5 სანტიმეტრით მაღალია, რაც განსაკუთრებით იგრძნობა საბარგულის მოცულობაში. მისი ტევადობა 669 ლიტრს აღწევს და მოდელს მეტად პრაქტიკულ არჩევანად აქცევს ოჯახური მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სტილისთვის.

bZ4X Touring აღჭურვილია 74.7 კვტ/სთ ბატარეით და წარმოდგენილია როგორც წინა, ისე სრულამძრავიანი ვერსიით.

წინაამძრავიანი Touring-ის სვლის მარაგი WLTP ციკლით 591 კილომეტრამდეა, ხოლო სრულამძრავიანი ვერსიის - 528 კილომეტრამდე.

განსაკუთრებით გამორჩეულია AWD ვერსიის სიმძლავრე. ორი ელექტრული ამძრავის ერთობლივი სიმძლავრე 380 ცხენის ძალას აღწევს და ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.5 წამში ჩქარდება.

სრულამძრავიან ვერსიას ასევე აქვს X-MODE და Grip Control სისტემები, რომლებიც რთულ ზედაპირზე გადაადგილებისას ავტომობილის მოჭიდებასა და კონტროლს აუმჯობესებს. bZ4X Touring-ს შეუძლია 1,500 კილოგრამამდე მისაბმელის ბუქსირებაც.

ელექტრო ტოიოტა რეალურ პირობებში

ღონისძიების ფორმატი თავიდანვე ისე იყო დაგეგმილი, რომ სტუმრებს ავტომობილების შესაძლებლობები სხვადასხვა გარემოში გამოეცადათ.

თბილისი - გომბორის უღელტეხილი - ყვარელის ტესტ-დრაივის შემდეგ პროგრამა თელავის სასწავლო აეროპორტში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებს დინამიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. ასაფრენ ბილიკზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ელექტრული ამძრავის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი - მყისიერი რეაქცია და სწრაფი აჩქარება.

თუ გზაზე მთავარი აქცენტი კომფორტზე, სვლის სტაბილურობასა და ელექტრო ავტომობილის ყოველდღიურ გამოყენებაზე კეთდებოდა, აეროპორტის ტერიტორიაზე უკვე Toyota bZ4X-ის დინამიკური შესაძლებლობები გამოიცადა.

დინამიკური აქტივობების შემდეგ სტუმრები მეღვინეობა ხარებას ეწვივნენ, სადაც კახური ღვინის კულტურასა და რეგიონის მეღვინეობის ტრადიციებს გაეცნენ.

იაპონური კულტურა და საერთო ღირებულებები

ღონისძიებას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა შესძინა იაპონური კულტურის ხაზმაც.

ტოიოტას სპეციალური სტუმარი იყო სუმოს ლეგენდა ჰაკუჰო შო, რომელსაც საქართველოში ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია - კოკაი მასპინძლობდა.

სუმოსა და ტოიოტას ერთმანეთთან საერთო ღირებულებები აკავშირებს - პატივისცემა, დისციპლინა, ოსტატობა, მუდმივი განვითარება და ადამიანზე ზრუნვა.

სუმოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ მეტოქისადმი პატივისცემას და ღირსების შენარჩუნებას. Toyota-ს ფილოსოფიაშიც იგივე დამოკიდებულებები იკითხება - ხარისხისადმი ერთგულება, საქმისადმი პასუხისმგებლობა და მუდმივი სწრაფვა უკეთესი შედეგისკენ.

სწორედ ეს საერთო ღირებულებები გახდა ღონისძიების ემოციური ხაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

Beyond Electric

კახეთში გამართული ღონისძიება Toyota bZ4X-ის ოჯახის ტექნიკური შესაძლებლობების ჩვენებაზე გაცილებით მეტი იყო.

ტესტ-დრაივი, დინამიკური აქტივობები, კახეთის გარემო და იაპონური კულტურის ელემენტები ერთ საერთო იდეაში გაერთიანდა - წარმოეჩინა, როგორ შეიძლება სრულად ელექტრო ავტომობილი ერთდროულად იყოს ტექნოლოგიური, პრაქტიკული, კომფორტული და ემოციური.

Beyond Electric სწორედ ამ მიდგომას გამოხატავს - ელექტრული ტექნოლოგიის მიღმა არსებული მართვის გამოცდილებას და ტოიოტას ხედვას მომავლის მობილობის შესახებ.

Toyota bZ4X-ისა და bZ4X Touring-ის შეძენა უკვე შეგიძლიათ ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში, სადაც ამჟამად მოდელებზე სპეციალური ფასები მოქმედებს.