რადიო “კომერსანტის” დილის ეთერში „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელმა, რამაზ გერლიანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. 

გერლიანის თქმით, არჩევნების შედეგები, მოსალოდნელი პოლიტიკური გაურკვევლობა და სანქციები საქართველოდან კაპიტალის გადინებას გამოიწვევს. 

„რადგანაც პოლიტიკური შედეგები საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში შეიძლება გადაიზარდოს, მას ასევე ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკური მიმართულებით.

ჩვენ, ეკონომისტებს, გვაქვს ასეთი ტერმინი „კაპდენა“, რაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ პროცესებს მოჰყვეს. ჯერ არ ვიცით, რა იქნება და როგორ იქნება, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული ბიზნესგარემო გადავიდეს დაკვირვების ეტაპზე და ან ჩვენს ქვეყანაში თავისი აქტივობის შემცირების რეჟიმზე  ნამდვილად არსებობს. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ზეწოლა ლართან მიმართებით.

ქვეყნიდან როცა თანხები გადის, ეს იწვევს კონვერტირებული ვალუტის შემცირებას.

მოლოდინია, რომ არჩევნების შემდეგ პროცესს ევროზონიდან საინვესტიციო ნაკადების შემცირება მოჰყვება. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკური გაურკვევლობა დაემატება, რასაკვირველია, ამასაც ზეგავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე.

შესაძლოა, ბევრმა ბიზნესმა, რომელიც ევროპულ ბაზარზეა ორიენტირებული, ქვეყანა დატოვოს.

ამ ეტაპზე, ევროპული მიმართულებით ისტორიულ მინიმუმზეა საექსპორტო ნაწილი, ეს არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ბიზნესს არაფორმალური ბარიერები აქვს, არამედ თავად დამოკიდებულება იყო ევროპული ბაზრის მიმართ ასეთი არასათანადო",- აღნიშნა რამაზ გერლიანმა.