„ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა უცხოეთშიც იზრდება, უახლოეს მომავალში მილანში ვგეგმავთ შოურუმის გახსნას, შემდეგ უკვე - ნიუ იორკში, ამის შესახებ „კომერსანტს“ „შავდიას“ დიზაინერმა ელენე შავდიამ განუცხადა. მისი თქმით, ბრენდისთვის აქტუალურია ორგანული ქსოვილები და სურს ახალი ტიპის ქსოვილებზე გადავიდეს, რომელიც გაცილებით მდგრადია და რომლის გადამუშავებაც შედარებით იოლი.
„კომერსანტი“ ელენე შავდიას „შავდიას“ პროდუქციაზე, ბრენდის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რა არის თქვენი ბრენდის ნიშა, რით ახერხებთ ბაზარზე, კონკურენტულ გარემოში, თავის დამკვიდრებას?
ელენე შავდია, „შავდიას“ დიზაინერი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული თემატიკის წინ წამოწევაში დიდი წვლილი მიგვიძღვის. კონკურენციაც ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ნიშა და სტაბილურობის განცდაც. ფიროსმანი ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს რეალობას. ასეც რომ არა, ვინ, თუ არა ფიროსმანი?!
სად ყიდით პროდუქციას, მხოლოდ ონლაინ, თუ მაღაზიაც გაქვთ?
ონლაინაც ვყიდით. ჩვენი შოურუმები განთავსებულია „გალერია თბილისში“, „თბილისი მოლში“, ჭავჭავაძეზე აქსის თაუერსში, ასევე ბათუმში.
რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?
მთავარია, გვესმოდეს იმ ნივთების ღირებულება და საჭიროება, რომლებსაც ვიძენთ. გვესმოდეს, რატომ არის ესა თუ ის ნივთი ზუსტად ისეთი, როგორიც არის და რატომ ღირს იმდენი, რამდენიც ღირს. აჩქარებულმა დრომ მოიტანა პრაგმატული დამოკიდებულებები და გვესმის, რომ ადამიანებს სჭირდებათ შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, მაგრამ არა ამდენი. თუ ნაკლები პროდუქცია იწარმოება, ხარისხი უკეთესი იქნება და სამოსი დიდხანს არ გაცვდება, მის შემქმნელს კი შედარებით მეტს გადაუხდიან, რაც მის პასუხისმგებლობას და მონდომებას გაზრდის.
და მაინც, ვფიქრობ, თუ მომხმარებელს შესთავაზებ იმ ხარისხს, რომელსაც შენგან მოელის, თუ შეუქმნი გამორჩეულ ასოციაციებს, თუ ადამიანს შეეძლება, შენ მიერ შექმნილი სამოსით გამოხატოს თავისი ინდივიდუალობა, ხასიათი და განწყობა, გაყიდვა აღარ იქნება დამოკიდებული არც ბრენდირებაზე და არც სტატუსზე.
რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა?
შევქმნათ ბრენდი, რომლის ღირებულებები დროს გაუძლებს. ბრენდების მთავარი დანიშნულებაც, ხომ ღირებულების შექმნაა - მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. დიახ, ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბრენდები დიდ როლს ასრულებენ მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებაში, თუნდაც ისეთი გამოწვევის დროს, როგორიცაა - გლობალური დათბობა.
არ გვინდა ვქმნიდეთ „სწრაფ მოდას“. ვგეგმავთ, გადავიდეთ ახალი ტიპის ქსოვილებზე, რომელიც გაცილებით მდგრადია, იოლად გადამუშავდება და მათ წარმოებას არ სჭირდება ბევრი სასუქი და წყალი: მაგალითად - ტილოსა და ჯუთაზე. ასევე აქტუალურია ჩვენთვის ორგანული ქსოვილები.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
მუდმივად ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი ბრენდი. საქართველოში რამდენიმე მაღაზიით ვართ წარმოდგენილნი. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა უცხოეთშიც იზრდება. ამიტომ, ქსელის გაფართოებას და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას ვაპირებთ. უახლოეს მომავალში მილანში ვგეგმავთ შოურუმის გახსნას, შემდეგ უკვე - ნიუ იორკში. ასევე გვყავს ბაიერები, რომლებიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა ქვეყნებში ახდენენ.