საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მარკეტებში თაფლის ხარისხის კონტროლი უნდა გახშირდეს, ხოლო ტურისტულ მარშრუტებზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვალდებულებად უნდა ჰქონდეს თაფლი შეამოწმოს. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებული თაფლი დღეისთვის ყველაზე სუფთაა, თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად დარგი პროდუქტის სხვადასხვა ნივთიერებებით დაბინძურებისა და ფალსიფიცირების გამოწვევების წინაშე ისევ დგას. შესაბამისად, ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანია.
"საქართველოში თაფლის მოხმარება და მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა გვაქვს გამოწვევები. ეს არის დაბინძურება და ფალსიფიცირება. არის ტურისტული უბნები, სადაც დიდი წილი ფალსიფიცირებული თაფლია განთავსებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ პროდუქტების შემოწმება აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუ რა არის ამ პროდუქტებში და რეაგირება უნდა მოახდინოს.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში მიგვაჩნია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად უნდა აკონტროლებდეს მარკეტებში განთავსებულ მეფუტკრეობის პროდუქტებს, თაფლზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არ უნდა შემოიფარგლოს წელიწადში ერთხელ ამ პროდუქტის კონტროლით. ეს უფრო დადებითად აისახება თაფლის ხარისხზე და ის 5%-იანი დანაგვიანება, რაც დღეს გვაქვს ისიც არ გვექნება. ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით ქართული თაფლის ხარისხის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ალეკო პაპავამ და აღნიშნა: "ვერ ვიტყვი, რომ ეს დაბალფასიანი თაფლია, ამასთან ეს პროდუქტი ტურისტულ მარშრუტებზეა [საავტომობილო გზებზეა] განთავსებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელი უფრო მარკეტებზე მიუწვდებათ და შესაბამისად, მათ გაკონტროლებას ცდილობთ, თუმცა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული ობიექტების შემოწმების ვალდებულებაც უნდა იყოს".