წლის დასაწყისიდან ოქროს ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა კვლავაც შეინიშნება - 1 გრამი სუფთა ოქრო ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 40 ლარითაა გაზრდილი, ხოლო საერთაშორისო ბირჟებზე ფასმა უნციაზე 5000 დოლარს მიაღწია.
„ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე სამხარაძის შეფასებით, არსებული ტენდენცია თუ გაგრძელდა, სექტემბრისთვის შესაძლოა ოქროს ფასმა 5300 დოლარსაც მიაღწიოს, რაც ქართულ რეალობაში 1 გრამ სუფთა ოქროზე 10-ლარიან ზრდას ნიშნავს.
,,წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაახლოებით 40 ლარით არის გრამი სუფთა ოქრო გაზრდილი; შესაბამისად უცხოურ ბირჟებზე ზრდა დაახლოებით $4000-5000 იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქროს საერთაშორისო ფასი უნციაზე 5000$-ია, რაც ქართულ რეალობაში 1 გრამზე 445 ლარია.
თუ გლობალურ ბირჟაზე ფასი სტაბილურად 5000 დოლარზე დარჩა, სტაბილურ ფასს ადგილობრივ ბაზარზეც შევინარჩუნებთ.
I კვარტალი ჩვენს ინდუსტრიაში დაბალი მოთხოვნით გამოირჩევა, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მეორე კვარტალში არსებულ ფასს მოთხოვნის ზრდაც დაემატება, რაც ფასს გაზრდის. მოლოდინი არსებული ფასის ზრდის გვაქვს, თუმცა თუ სხვა გლობალური ფაქტორი არ ჩაერთო 5200 დოლარს არ უნდა გაცდეს.
სექტემბრამდე შესაძლოა ოქროს ფასმა 5300 დოლარსაც მიაღწიოს. არსებული ტენდენცია, ქართულ ბაზარზე 1 გრამ სუფთა ოქროზე ფასის 10-ლარიან ზრდას ნიშნავს",- აღნიშნავს სამხარაძე.
მისივე ინფორმაციით, ფასის ზრდა მოსალოდნელია ვერცხლზეც, რომელიც უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.
,,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქროზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება; გაყიდვები დაახლოებით 20%-ით მეტია, რაც შემოსავლებში 10%-იანი ზრდის მომტანი იყო.
შარშან დაახლოებით ამ დროს, როცა ვსაუბრობდი ვერცხლზე, ყველას მოვუწოდებდი, რომ ვერცხლზე მიექცია ყურადღება.
ვერცხლი აქტუალურობას წელსაც შეინარჩუნებს, ძალიან მაღალი ფასით დაიწყო ვაჭრობა და შემდეგ ვარდნაც დიდი ჰქონდა, თუმცა მოთხოვნა ვერცხლის სამკაულზე იზრდება და ინვესტორებიც ძალიან დაინტერესებული არიან",- აღნიშნა სამხარაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.