კავშირგაბმულობის ბაზრის მიღწევები, გამოწვევები და სექტორის სამომავლო გეგმები განიხილეს ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში. გადაცემაში კომპანიაა „სელფი მობაილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა 2024 წლის მთავარ მიღწევაზე ისაუბრა. გასული წელი კავშირგაბმულობის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი გამოდგა, რადგან 5G ინტერნეტი დაინერგა. სოფო ბალავაძემ აღნიშნა, რომ სიახლეს მომხმარებელი ძალიან კარგად შეხვდა. მისი თქმით, კომპანია 5G ინტერნეტის დაფარვის არეალის გაზრდაზე 2025 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.

,,ნამდვილად აღსანიშნავი იყო ეს წელი ამ მხრივ. საინტერესო არის ის, რომ ძალიან კარგად შეხვდა მომხმარებელი 5G ინტერნეტს. მოხმარება არის საკმაოდ ინტენსიური. სულ იყო იმაზე საუბარი, თითქოს საქართველოსთვის ეს ადრეა, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესით შეხვდა მომხმარებელი. ეს იყო რთული წელი თავისი გამოწვევებით და რა თქმა უნდა თავისი მიღწევებით. ბევრ კარგ რაღაცას ჩაეყარა საფუძველი, ამიტომ ვფიქრობ, რომ 2025 წელს მომხმარებელს ბევრი სიკეთე დახვდება. კიდევ უფრო გაუმარტივდება მომსახურების მიღება. ჩვენთვის დაფარვა, ზოგადად იყო გარკვეული გამოწვევა დიდი ხნის განმავლობაში. ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ და მნიშვნელოვნად არის გამოსწორებული ხარისხი და დაფარვის არეალი. (ამაში მომხმარებელი დამეთანხმება) პირველ რიგში 4G-სთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მაინც 4G ყველაზე აქტუალურია. რა თქმა უნდა, ეს არის ის ქსელი, რომელიც უნდა გქონდეს ყველაზე გამართული. აქ გვაქვს ყველაზე დიდი წინსვლა. ჩავარდნები, რაც იყო არეალებში  ამოივსო. ფაქტობრივად, სრულად შევასრულეთ ის რაც დაგეგმილი გვქონდა წელს ამ მხრივ. 5G-ს რაც ეხება, თბილისი არის უკვე სრულად დაფარული. ასევე, დასავლეთ საქართველოში გვაქვს გარკვეული წინსვლები. ეს არის აჭარის სანაპირო სრულად, ასევე ზუგდიდი და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მომავალ წელს (დაფარვის არეალის გაზრდას).’’- განაცხადა სოფო ბალავაძემ.

„სელფი მობაილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კავშირგაბმულობის ბაზარი გაჯერებულია. სოფო ბალავაძის განცხადებით, ახალ აბონენტებად ის ახალგაზრდები მოიაზრებიან, რომლებსაც მობილური ტელეფონი და ქსელზე წვდომა მანამდე არ ჰქონიათ და სერვისის მიღებას ახლა იწყებენ.

,,ფაქტობრივად, ახალი მომხმარებელი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ახლა უერთდებიან ამ ქსელს. ახლა იღებენ მობილურ ტელეფონსა და სიმბარათს. თორემ ბაზარი არის აბსოლუტურად გაჯერებული, ამიტომ რა თქმა უნდა, უმთავრესია, რომ პირველ რიგში კმაყოფილი გყავდეს შენი ლოიალური მომხმარებელი, რომელიც „სელფი მობაილს“ გამოკვეთილად ჰყავს. დინამიკას თუ დააკვირდებით, სელფი მაინც და მაინც არ იცვლება და წლიდან წლამდე საკმაოდ სტაბილურია. ისეთი მომსახურებები გვაქვს და გვექნება, რომელიც მისაღებია მომხმარებლისთვის. ახალი მომხმარებლისთვის მათ შორის.’’- განაცხადა სოფო ბალავაძემ.

,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში მობილური სერვისების ფასი და მისი სტაბილურობის შენარჩუნების საკითხიც განიხილეს. დინამიკის შეფასებისას „სელფი მობაილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა მომსახურებასა და სერვისზე ფასების მატების ტენდენციაა და გამონაკლისი ვერც კავშირგაბმულობის სექტორი იქნება.

,,მთლიანობაში, ფასები ყველაფერზე იზრდება. ყველანაირ მომსახურებაზე და პროდუქტზე. რა საკვირველია, გამონაკლისი ამ მხრივ ვერ იქნება ჩვენი სექტორიც, თუმცა როგორც იცით, საკმაოდ მკაცრად არის რეგულირებული ჩვენი სექტორი. რაც შეეხება უშუალოდ სელფის, ჩვენ ვახერხებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს დაპირება ჩვენი მომხმარებლისთვის, რომ ყოველთვის მისთვის ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. ინტერნეტის რაოდენობა რასაც ვთავაზობთ პაკეტებში არის მსუყე და მომგებიანია. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო როუმინგი, რომელსაც ფასის მხრივ ნამდვილად არ ჰყავს კონკურენტი.’’- განაცხადა სოფო ბალავაძემ.