ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“ მომავალი წლიდან ჩინეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს.

როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ BM.GE-სთან განაცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს საუბარი, რომ კომპანიის ბრენდი "კეთილი და პატიოსანი" სატესტო მოცულობებით გაიგზავნოს. თუმცა, მანჯავიძე ჯერ არ აკონკრეტებს, რა მოცულობის ექსპორტზეა საუბარი და რა ფასად გაიყიდება კომპანიის პროდუქცია ჩინურ ბაზარზე.

„ჩინეთის მიმართულება ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამოფენაზეც ვიყავით და ამჟამად, მოლაპარაკებები გრძელდება, რომ ამ ბაზარზე გავიდეთ. საუბარია პირველ შეკვეთებზე. ლოგისტიკური და მოსამზადებელი დეტალებია დასაზუსტებელი. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ჩინეთის ბაზარზე გავალთ“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

კომპანია, რომელმაც საექსპორტო მიმართულების გაფართოება 2024 წელს დაიწყო, უკვე წარმოდგენილია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ორიენტირი ძირითადად საექსპორტო აქტივობებია, შესაბამისად, გაყიდვებში საერთაშორისო ბაზრების წილი დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, ჩინეთის გარდა, "ქართული აგროპროდუქტი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიის ბაზართანაც, სადაც იგეგმება როგორც „კეთილი და პატიოსანის“, ისე ყურძნის წვენის ექსპორტი.

„ცოტა ხნის წინ, გერმანიაში გამოფენაზე ვიყავით და იქიდანაც ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა. საფრანგეთში ჩვენი პროდუქტი სატესტოდ უკვე გვქონდა გაგზავნილი, გარკვეული პაუზის შემდეგ, მათი ინტერესი კვლავ არის. ამასთან, ამჟამად ვასრულებთ ჩამოსხმას აშშ-ს ბაზრისთვის, მეორე კონტეინერი მალე გაიგზავნება”, - განაცხადა მანჯავიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნატურალური წვენების ექსპორტმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში $16.7 მილიონი შეადგინა, რაც 14.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წლის 9 თვეში ექსპორტის მოცულობა $14.6 მილიონი იყო. მონაცემების მიხედვით, გაიზარდა ასევე ექსპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობაც — 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 10 615 ტონა წვენი გავიდა, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (9 999 ტონა).

bm.ge