დაახლოებით ორი კვირაა, რაც თელავში, სოფელ შალაურში, სასტუმრო „ქვევრებმა“ ოპერირება დაიწყო, სასტუმრო დამსვენებლებს უნიკალური კონცეფციის მქონე, ქვევრის ფორმის ნომრებს სთავაზობს, მთავარი მიზანი კი ღვინისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. ამ ეტაპზე სასტუმრო დამსვენებელს სამ ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ 20 ქვევრ-ნომერს სთავაზობს, გარდა ამისა ტერიტორიაზე განთავსებულია 3 სართულიანი სასტუმრო 17 ნომრით, რესტორნით და ბარით. სასტუმროს ტერიტორიაზე დამსვენებელს დახვდება საცურაო აუზიც.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სასტუმრო „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა გიორგი როჩიკაშვილმა აღნიშნა იდეა შვიდი წლის წინ გაუჩნდა, მაშინ როდესაც საკუთარი ტურისტული კომპანია ჰქონდა და ვიზიტორებისთვის ობიექტებს არჩევდა, იფიქრა „რა მაგარი იქნებოდა, რომ დამსვენებლისთვის ფერდობზე მოფენილი ქვევრები დაგვეხვედრებინა და მათში ღამის თევა შეძლებოდათ“.
„შევიკრიბეთ მეგობრები, რომლებიც ფაქტობრივად ოჯახის წევრები არიან, შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, დავაპროექტეთ და მშენებლობა პანდემიამდე 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ, შემდეგ ორ თვეში პანდემიაც წამოგვეწია, ბევრი სირთულე გავიარეთ, თუმცა მოვახერხეთ და თაროზე შემოდებული იდეა რეალობაში გადმოვიტანეთ. უკვე ორი კვირაა ვოპერირებთ და გამოხმაურებაც საკმაოდ მაღალი გვაქვს“ - აღნიშნა გიორგი როჩიკაშვილმა.
როჩიკაშვილის თქმით თითო ქვევრის შიდა ფართი 25 კვ.მ-ია, აქედან სველი წერტილი შეადგენს 5 კვ.მ-ს, ნომრები აღჭურვილია ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების მაღალი სტანდარტების სისტემებით.
„ჩვენი კომპლექსი მდებარეობს სამ ჰექტარზე, ამ ეტაპზე 20 ქვევრია განთავსებული, სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე გვაქვს სამსართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია 17 ნომერი, „რისეფშენი“, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, სასტუმროს ტერიტორიაზე გვაქვს აუზი, რომელიც უკვე თბება, აუზის პარამეტრებია 20/7-ზე, საკმაოდ დიდი აუზია და დამსვენებლებისთვის ძალიან კომფორტული“ - აღნიშნა გიორგი როჩიკაშვილმა.
პროექტის „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება ქვევრებში განთავსების ფასებს სასტუმრო ქვევრები დამსვენებელს საწყის ეტაპზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს და 2 კაცის განთავსება საუზმით 385 ლარი, ხოლო სამ სართულიან სასტუმროში განთავსების ღირებულება 350 ლარიდან 450 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.
სასტუმრო ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანს ასაქმებს, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი როჩიკაშვილი აღნიშნავს რომ სამომავლოდ სასტუმროს 110 ნომრამდე გაზრდა სურთ.