საქართველოში უკოფეინო ყავის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, რაც ამ სახეობის ყავის გაყიდვებზე დადებითად აისახა. ყავის მწარმოებელ კომპანიაში ,,სისაური“ აცხადებენ, რომ მომხმარებლის ქცევა ბოლო პერიოდში შეიცვალა. კომპანიის დირექტორის მოადგილე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათი გაყიდვები ამ მიმართულებით გაზრდილია და კომპანიას მარაგები უკვე ამოეწურა.
,,უკოფეინო ყავაზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში უფრო გაიზარდა. თითქოს ადამიანებს აღარ უნდათ ხსნადი ყავით მიიღონ სიამოვნება და უფრო ნატურალურ მარცვალს ეძებენ. ჩვენც გაგვეზარდა მომხმარებლის რაოდენობა. ვფიქრობ ეს იმის გამო ხდება, რომ უფრო ბევრმა გაიგო, რომ ნატურალურ მარცვალში შეუძლია უკოფეინო ყავის მირთმევა. აქამდე უკოფეინო ყავა უფრო ხსნადი ყავით იყო ხელმისაწვდომი. ზუსტად ახლა ამოგვეწურა მარაგები. ველოდებით, რადგან ჯერჯერობით ვერ ვნახეთ ისეთივე ხარისხის უკოფეინო ყავის მწვანე ნედლეული, როგორიც შემოგვქონდა. ჩვენ ჩამოგვაქვს 100%-ით არაბიკის მარცვალი და ჩამოგვაქვს რამდენიმე ქვეყნიდან. შეიძლება იყოს ნიკარაგუის, კოლუმბიის. ეს ქვეყნები უფრო ყურადღებით ეკიდებიან უკოფეინო ყავის მიმართულებას. ზოგადად ბაზარზე უკოფეინო ყავა შედარებით ძნელად მოსაპოვებელია, ამიტომ რთულია შოვნა.’’- აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე სუზი ისგანდაროვა.
უკოფეინო ყავა ჩვეულებრივ ყავასთან შედარებით 97%-ით ნაკლებ კოფეინს შეიცავს. მიუხედავად ამის, მათ შორის გემოში განსხვავება თითქმის არაა. უკოფეინო ყავას ნაკლები სიმძაფრე ახასიათებს და გაცილებით სუსტია, თუმცა ეს არომატიც მოხალვის ტექნიკაზეა დამოკიდებული. ,,სისაურის“ დირექტორის მოადგილე იმ მეთოდებს გვიხსნის, რომელთა გამოყენებითაც უკოფეინო ყავის მარცვლები მუშავდება.
,,ყავა ჩვეულებრივი ხიდან იკრიფება და ის ზედმეტ დამუშავებას გადის. არის სხვადასხვა გზა ყავისგან კოფეინის გამოსაყვანად. შეიძლება მზეზე გაშრეს, რასაც ბუნებრივ დამუშავებას უწოდებენ. შემდეგ მას გარე საფარი მარტივად შორდება. არის კიდევ სხვა მეთოდები. მაღალი ხარისხის ყავაში ძირითადად იყენებენ სველ დამუშავებას, სადაც სპეციალური დანადგარის მეშვეობით წყლის გამოყენებით ალბობენ მარცვალს, შემდეგ კი ატარებენ სპეციალურ დანადგარზე, რათა მას გარე გარსი მოშორდეს. ეს მეთოდი უფრო ძვირად ღირებულია და მას ძირითადად მაღალი ხარისხის ყავის მარცვლების დასამუშავებლად იყენებენ.’’- აცხადებს სუზი ისგანდაროვა.
,,სისაური“ ყავის მარცვლებს გერმანული მომწოდებელი კომპანიისგან იღებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყავის მარცვლების კოლუმბიიდან ჩამოტანა ბევრად იაფი ჯდება, თუმცა ამ შემთხვევაში ნედლეულის ხარისხის კონტროლი რთულია, რადგან ფერმერმა შესაძლოა დაბალი ხარისხის ყავა გამოაგზავნონ.
,,გერმანელებთან ურთიერთობა გვიადვილებს ხარისხის კონტროლს. პირდაპირ კოლუმბიიდან რომ ჩამოვიტანოთ მართალია ბევრად იაფი დაჯდება პროდუქტი, სამაგიეროდ შეიძლება ფერმერმა ხარისხში მოგვატყუოს, რადგან კონტროლის მექანიზმები ისეთი ვერ არის, როგორსაც გერმანელები უზრუნველყოფენ. ვთანამშრომლობთ 2-3 მომწოდებელთან, რომლებთანაც ფიცი გვაქვს დადებული, რომ ხარისხს არ გავაფუჭებთ. შემოგვაქვს მწვანე მარცვალი, რომელიც სპეციალურ დანადგარში იხალება. მოხალული მარცვალი მიეწოდება ფილიალებს, სადაც მარცვლებს მოხალული სახით ვყიდით.’’- აცხადებს სუზი ისგანდაროვა.
უკოფეინო ყავა ბაზარზე მე-20 საუკუნეში გამოჩნდა და მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი აღმოჩენა შემთხვევითობას უკავშირდება. ყავის მარცვლების ტრანსპორტირებისას გერმანელ ვაჭარს ტვირთი ზღვაში ჩაეძირა. შედეგად წყალში აღმოჩენილმა ყავის მარცვლებმა დეკოფეინიზაცია ავტომატურად განიცადა. ასე გაჩნდა უკოფეინო ყავის მომზადების მეთოდი და დაიწყო მისი წარმოება.