„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში უფრო მეტად იყო ჩართული, ვიდრე ეს ადრე იყო ცნობილი.

„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატია დაფუძნებულია 300-ზე მეტ ინტერვიუზე, რომლებიც ჟურნალისტებმა უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთან, პოლიტიკოსებთან, სამხედროებთან და დაზვერვის წარმომადგენლებთან ჩაწერეს.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომიდან ორ თვეში, გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარე აშშ-ის არმიის შტაბბინაში დაიწყო ფუნქციონირება სამეთაურო ცენტრმა, სადაც ამერიკელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობდნენ სამხედრო ოპერაციებისა და კიევის კონტრშეტევების დაგეგმვაზე.

სტატიიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები და სამხედროები აძლევდნენ მიმართულებას ბრძოლის საერთო სტრატეგიას, ეხმარებოდნენ უკრაინელებს ყირიმზე დარტყმების კამპანიის დაგეგმვაში, მუშაობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემუშავებაზე 2022 წელს და 2023 წლის შუა პერიოდში, ასევე აკონტროლებდნენ „ჰაიმარსების“ დარტყმებს და გადასცემდნენ უკრაინელებს ზუსტ ინფორმაციას სამიზნეების შესახებ.

სტატიაში ასევე საუბარია ამერიკელ და უკრაინელ სამხედრო მეთაურებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის უთანხმოებაზეც, რაც ამა თუ იმ ოპერაციებს ეხებოდა. „ნიუ ირორკ თაიმსის“ ცნობით, უმეტესწილად ეს იყო ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ვაშინგტონში რუსეთის „წითელი ხაზების“ გადაკვეთად აფასებდნენ.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ომში ჩართულობის ხარისხი დროთა განმავლობაში იზრდებოდა. უკრაინაში იყო წარმოდგენილი ამერიკელი სამხედრო მრჩეველების ჯგუფი, ხოლო ვისბადენში მდებარე ბაზაზე მყოფი პერსონალი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აწვდიდა რუსული სამხედრო ძალების ადგილსამყოფლის კოორდინატებს, მათ შორის რუსეთის ტერიტორიის ჩათვლით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ მხარი დაუჭირა გეგმას, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს მთავარი დარტყმა უკრაინელებს მელიტოპოლის მიმართულებით უნდა მიეტანათ, თუმცა შემდგომში ზალუჟნის ადგილზე დანიშნულმა ალექსანდრ სირსკიმ, ამერიკელი სამხედროების მოსაზრების მიუხედავად, დარტყმის აქცენტი ბახმუტზე გადაიტანა. შედეგად უკრაინელებმა ორი მიმართულებით დაიწყეს დარტყმები და არცერთ შემთხვევაში არ მიაღწიეს წარმატებას.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელ და ამერიკელ სამხედროებს შორის უთანხმოება კიდევ ერთხელ იყო რუსული კრეისერის „მოსკოვის“ ჩაძირვის ოპერაციის გარშემო, ასევე უკრაინელი სამხედროების მიერ კურსკში შეჭრის შესახებ. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკრაინელებმა კრეისერ „მოსკოვის“ კოორდინატები ამერიკელებისგან შეიტყვეს და ხომლადზე დარტყმა ამერიკელებთან შეთანხმების გარეშე მიიტანეს. ამის გამო, როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია განრისხებული იყო, რადგანაც ვაშინგტონი არ გეგმავდა კრეისერ „მოსკოვზე“ დარტყმაზე ნებართვის გაცემას.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ დაჟინებით ითხოვდა, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების ოპერაცია ამერიკული ტექნიკისა და სადაზვევრო მონაცემების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ მაინც დაეხმარა უკრაინას „ჰაიმარსების“ დარტყმებით. სტატიის მიხედვით, ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე უკრაინელი სამხედროები დიდ დანაკარგს ნახავდნენ.

პირველი არხი