„კომბუჩა“ ფერმენტირებული, მსუბუქად შუშხუნა, მოტკბო-მომჟავო პროფილის სასმელია, რომელსაც ხშირად, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე გამაგრილებელ სასმელადაც მოიხმარენ. სწორედ ამიტომ ნინო ფიროსმანიშვილმა და ნინო გოგიაშვილმა „კომბუჩას“ წარმოება გადაწყვიტეს და შპს ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას ბრენდი დასახელებით „ვინ“ კომბუჩა დააფუძნეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი ნინო ფიროსმანიშვილი აღნიშნავს, “ვინ” კომბუჩა ბაზარზე 2022 წლის შემოდგომიდან ოპერირებს.
.„ვქმნით ფერმენტირებულ, გამაჯანსაღებელ სასმელს - „კომბუჩას“. შპს ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას ბრენდის დასახელება “ვინ“, სწორედ მისი ცოცხალი ბუნების გამო გადავწყვიტეთ. გვსურდა შეგვექმნა ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ჯანმრთელობას გააუმჯობესებდა. ბევრი არ გვიფიქრია, როდესაც „კომბუჩას“ უნიკალურ შემადგენლობას გავეცანით და მისი დადებითი თვისებები საკუთარ თავზე გამოვცადეთ.
შევუდექით რთულ და ამავდროულად ძალიან საინტერესო გზას. დავიწყეთ “კომბუჩას“ წარმოების სიღრმისეული შესწავლა. გავეცანით უცხოურ სამეცნიერო ნაშრომებს. დავამყარეთ კონტაქტები ამერიკელ მწარმოებლებთან, რომელთაც ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებებს. “კომბუჩას“ წარმოების პროცესი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენი მიზანი “კომბუჩას“ ავთენტურობის შენარჩუნება და ამავდროულად ქართველ მომხმარებელზე მორგებაა“ - აღნიშნა ნინო ფიროსმანიშვილმა.
როგორც ფიროსმანიშვილი გვიყვება, ბაზრის კვლევა „პოლარისმა“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით „კომბუჩას“ ბაზარი 2.59 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, 2021 წელს და ყოველწლიურად მისი ზრდა 15.7 % -ით არის მოსალოდნელი . მისივე თქმით საქართველოში „კომბუჩაზე“ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. ტურისტებისგანაც ხშირად ვიღებთ მადლიერების წერილებს.
“ვინ კომბუჩა“ ხელმისაწვდომია „გუდვილის“ , “ევროპროდუქტის“ , “ორგანიკასა” და “გურმანია რითეილის” სავაჭრო ქსელებში, ასევე რესტორნებსა ბარაბში: “სტრადა“, “კივი ვეგან კაფე“, “ველერი“ , “ქრაფთ ვაინ ბარი” და სხვა“ - აღნიშნა ნინო ფიროსმანიშვილმა.
ფიროსმანიშვილის თქმით საქართველოს ბაზარზე „კომბუჩას“ მიმართულებით კონკურენცია ჯანსაღია, რაც განვითარების და ზრდის საშუალებას იძლევა. რაც შეეხება წარმოებას, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გვიყვება“ვინ კომბუჩა“ გადის სრული ფერმენტაციის პროცესს, არის გაუფილტრავი, ფერმენტირდება შუშის ქილებში, რაც უზრუნველყოფს გემოვნური და სასარგებლო თვისებების უკეთ წარმოჩენას. მისივე თქმით ორიგინალი “კომბუჩას“ არომატის გამრავალფეროვნება ხდება 100% ბუნებრივი პროდუქტებით.
ესენია:
ცოცხალი როზმარინი,
ცივად დაწურილი ჯინჯერი,
ცივად დაწურილი გრეიფრუტი
ცივად დაწურილი მოცვი,
ჰიბისკუსი და სვია.
კომპანიის საწარმო რუსთავში მდებარეობს, მისი საწყისი ინვესტიცია 120 000 ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი აღნიშნავს, მზარდის მოთხოვნის მიზნით „ვინ კომბუჩა“ წარმოების გაზრდა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას გეგმავს. გარდა ამისა კომპანია საგრანტო კონკურსებშიც მიიღებს მონაწილეობას.
თაკო კვაჭანტირაძე