გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე საქართველოში მინის ტარის ადგილობრივი წარმოების ზრდის პერსპექტივები განიხილეს. ოლგუნ თაშდემირმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის მიერ საქართველოში დამატებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების შესახებ.
საუბარი შეეხო ქვეყანაში შუშის გადამმუშავებელი წარმოების განვითარების საკითხს. ცნობილი თურქული კომპანია „Şişecam“ საქართველოში სააქციო საზოგადოების „მინა“ სახელით 1997 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე ერთადერთი შუშის საწარმოა. კომპანიის 45 ქარხანა, მსოფლიოს 14 ქვეყანაშია წარმოდგენილი და საერთაშორისო მასშტაბით 24 000 ადამიანს ასაქმებს.