2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2026 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4 პროცენტით მეტია.

„2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.2 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.9 პროცენტი, საშუალოზე — 23.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.5 პროცენტი.

2026 წლის I კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 29.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.9 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტით მეტი) შეადგინა“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.