„საქართველოს მელიორაციაში“ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში, სავარაუდო ღირებულებების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ აუდიტის დასკვნაშია საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ჩაშლილ ტენდერებს, რომელთა რიგ შემთხვევებში, განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვნად გაზრდილია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე. 

გარდა ამისა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

„ბიუჯეტისა და ბიზნესგეგმების დაგეგმვა/შესრულება

კომპანიის ბიუჯეტისა და ბიზნესგეგმების განხილვის, დამტკიცების და ანგარიშგების ნაკლოვანებები - 2021-2022 წლებში მოქმედი ბიუჯეტებისა და ბიზნესგეგმების პროექტები სამეთვალყურეო საბჭოს და შესაბამისად წილის მმართველს შესათანხმებლად წარედგინა წესდებითა და კომპანიის დირექტორის ბრძანებით დადგენილი ვადების დარღვევით. ამასთანავე, კომპანიაში 2021-2022 წლებში მოქმედი ბიუჯეტები და ბიზნესგეგმები არ იყო დამტკიცებული წესდების შესაბამისად. ასევე, არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ პარტნიორის მიერ კომპანიის ბიზნესგეგმების შეთანხმების/მოწონების ფაქტს. ამასთანავე, არ შესრულდა სამოქმედო გეგმის შესრულების ექვსთვიანი და წლიური ანგარიშების სამეთვალყურეო საბჭოსა და წილის მმართველისთვის წარდგენის ვალდებულება, რის გამოც პარტნიორს არ მიეცა საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების საშუალება. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულება აღნიშნული ანგარიშების არსებობის შესახებ.

კაპიტალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ნაკლოვანებები

კომპანიამ 2021-2022 წლების ბიუჯეტებით დაგეგმილი კაპიტალური პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ განახორციელა, ხოლო ამავე წლებში განხორციელებული პროექტების დიდი ნაწილი ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ ყოფილა. კომპანიამ 2021-2022 წლებში კაპიტალური პროექტების მიმართ არ განახორციელა „საქართველოს ირიგაციის 2017-2025  წლების სტრატეგიით“ გათვალისწინებული შეფასება-პრიორიტეტიზაცია ჰიდროლოგიური, ეკონომიკური და ფინანსური ასპექტების მიხედვით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა ყოფილიყო პროექტების სათანადოდ დაგეგმვისა და მათი წარმატებით განხორციელებისათვის.

პოლიტიკის დოკუმენტების ნაკლოვანებები

„საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიას“, რომელიც ამავე დოკუმენტის მიხედვით, უნდა ყოფილიყო 10 წლის განმავლობაში ირიგაციის განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტი, არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა.  აღნიშნულ გეგმაში მოცემული უნდა ყოფილიყო სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საჭირო აქტივობები, განმახორციელებელი უწყებების მითითებით.  სამოქმედო გეგმის არარსებობით დაირღვა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“  მოთხოვნები და რისკის ქვეშ დადგა სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

საქართველოს მთავრობამ 2019 წელს დაამტკიცა „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია“ და მისი შესაბამისი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელთა საბაზისო მაჩვენებლების სათანადო განახლებაც „ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესების“ ამოცანის ნაწილში შესაბამისი პერიოდის დადგომის შემდეგ არ მომხდარა, რაც აღნიშნული დოკუმენტების ნაკლოვანებას წარმოადგენს.

შესყიდვები 

შესყიდვების დაგეგმვის ნაკლოვანება - სახანძრო სიგნალიზაციის სამონტაჟო სამუშაოებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში განხორციელებულია ცვლილებები და ღირებულება გაზრდილია ისეთი გარემოებების წარმოქმნის პირობებში, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო ტენდერის გამოცხადების დროსაც. აღნიშნული მიუთითებს შესყიდვების დაგეგმვის ნაკლოვანებებზე.

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნა - ექსკავატორით მომსახურებაზე გამოცხადებულ შესყიდვასთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილმა ზოგადმა მოთხოვნებმა შესაძლებელია განაპირობა ტენდერების არშემდგარი სტატუსით დასრულება.

მნიშვნელოვნად განსხვავებული პირგასამტეხლოების ოდენობები - პირგასამტეხლოების განსაზღვრის პროცესში არ არის გათვალისწინებული შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა, რაც გამოიხატება სხვადასხვა შემთხვევაში პირგასამტეხლოების მნიშვნელოვანი განსხვავებებით.

ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გამოუყენებლობა - ბეტონის შესყიდვაზე, შემოწმებული სამი ხელშეკრულების ფარგლებში, ვერ დასტურდება შემსყიდველის უფლებამოსილების − საქონლის გამოცდა მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით − განხორციელება.

კომპანიის მიერ არ ხორციელდება სპეციალური ტექნიკის საგარანტიო-ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული დეფექტური აქტების შედგენის მოთხოვნა, პრეისკურანტით დადგენილი მომსახურების ფარგლებში. ვინაიდან აღნიშნული მომსახურება თავისი შინაარსით წარმოადგენს გეგმურ მომსახურებას და არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დაზიანების შემთხვევაში გასაწევ მომსახურებასთან და ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტებში აისახება თითოეული გაწეული მომსახურება, ასეთი აქტები არ წარმოადგენს აუცილებელ ვალდებულებას და მათი ხელშეკრულებებში ასახვა, ფაქტობრივად, ფორმალური ხასიათისაა.

მიღებული მომსახურების გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტი - ენერგეტიკის სფეროში საკონსულტაციო მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით, მიღება-ჩაბარების აქტების გარდა, წარმოდგენილი არ არის ასეთი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა რაიმე სახის დოკუმენტური მტკიცებულება. შესაბამისად, ვერ დგინდება გაწეული მომსახურებისა და დადგენილი ვალდებულებების ურთიერთშესაბამისობა.

სავარაუდო ღირებულებების მნიშვნელოვანი ზრდა განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში -  სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ჩაშლილ ტენდერებთან მიმართებით, რიგ შემთხვევებში, განმეორებით გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვნად გაზრდილია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე.

პირგასამტეხლოების დაკისრებასთან დაკავშირებული განუსაზღვრელობები -  კომპანიის მიერ კონტრაქტორებთან სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს დარიცხვის მუხლი დეტალურად არ განსაზღვრავს ვადაგადაცილებული დღეების გაანგარიშების წესს. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი დავები კომპანიასა და კონტრაქტორებს შორის.

სატენდერო კომისიის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები - დიზელის საწვავის შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ვერ დასტურდებოდა ავტოგასამართი სადგურების ყველა რეგიონში არსებობა, კომისიის მიერ არ არის მოთხოვნილი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება და იგი მიჩნეულია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად, რაც მიუთითებს კომისიის არამართლზომიერ გადაწყვეტილებაზე.

საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში, სატენდერო კომისიის მიერ მიღებულია მის მიერვე დადგენილ მოთხოვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება.

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემზღუდავი მოთხოვნა - 285,719 ლარის სავარაუდო ღირებულების ტუმბოების შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული პროცედურით დადგენილია გარკვეულწილად შემზღუდავი მოთხოვნა. ასეთი სახის მოთხოვნების დაწესებამ შესაძლებელია განაპირობოს კონკურენციის შეზღუდვა, რაც პირდაპირ უკავშირდება შესყიდვის ღირებულებას.

შესყიდვების წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები -  სამშენებლო და/ან სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების დროს რიგი საკითხების გაუთვალისწინებლობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის პრობლემატური საკითხი წარმოიქმნა უშუალოდ სამუშაოების წარმოების პროცესში, რაც მიუთითებს შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე.

ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშგებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიის მიერ დაგვიანებით და/ან საერთოდ არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რაც მიუთითებს ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე.

აქტივების მართვა - განკარგვა

ინვენტარიზაციებით გამოვლენილი დანაკლისები -  კომპანიაში 2021-2022 წლებში არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც მიუთითებს საკანონმდებლო მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებაზე.

კომპანიის მიერ ჩატარებული ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის და სხვა საკომუნიკაციო ელექტრომოწყობილობების ინვენტარიზაციის შედეგებით, დანაკლისად მიჩნეული 335 ერთეული აქტივის ჩამოწერა განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კომპანიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების (მხოლოდ ძირითადი საშუალება) ჩამოწერის მუდმივმოქმედ კომისიასთან შეუთანხმებლად. შპს „გრანთ თორნთონის“ მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 876 ერთეული აქტივის დანაკლისი. ამ შემთხვევაში მათი ჩამოწერა არ განხორციელებულა.

აქტივებზე, რომლებზეც არ იყო ცნობილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირები და რომლებიც საინვენტარიზაციო კომისიების მიერ მიჩნეულ იქნა დანაკლისად, შემდგომი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

მიუღებელი საიჯარო შემოსავალი  - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონებიდან შემოსავლების მიღებაზე არასათანადო ადმინისტრირების გამო, კომპანიას საიჯარო ქირის სახით გააჩნია 40,548 ლარის დებიტორული დავალიანება.

აქტივების რეგისტრაციის ხარვეზები  - გამოვლინდა შეუსაბამობები კომპანიის ბალანსზე რიცხულ და სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულ ქონებებთან მიმართებით. კერძოდ, შსს-ს მომსახურების სააგენტოს რეესტრში დაფიქსირებული 390 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან, 34 ერთეული არ იძებნება კომპანიის რეესტრში, ხოლო კომპანიის ბალანსზე რიცხული 425 ერთეული სატრანსპორტო საშუალებიდან, 69 ერთეული არ ფიქსირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ რეესტრში დაფიქსირებული 1,035 ერთეული უძრავი ქონებიდან, 62 ერთეული არ იძებნება კომპანიის რეესტრში, ხოლო კომპანიის რეესტრში დაფიქსირებული 983 ერთეული უძრავი ქონებიდან, 10 ერთეული არ იძებნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრში. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს კომპანიის მფლობელობაში არსებული ქონების აღრიცხვის ნაკლოვანებებზე.

საწვავის ხარჯის მონიტორინგი  - სპეცტექნიკის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე საწვავი ჩამოიწერება ნამუშევარი საათების მიხედვით, რისი აღრიცხვაც ხდება GPS მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული პროგრამა ასევე აღრიცხავს ყოველდღიურ ინფორმაციას − საწვავის ნაშთის, საწვავის ჩასხმისა და ამოღების შესახებ. აღსანიშნავია, რომ GPS-ის საშუალებით მიღებული ინფორმაცია კომპანიაში ინახება მხოლოდ ორი თვის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ დასაბუთებული რწმუნება სპეცტექნიკის მიერ ნამუშევარი საათებისა და ჩამოწერილი საწვავის სისწორეზე.

კომპანიის მიერ გაწეული სერვისები

სპეციალური ტექნიკითა და ტუმბო-აგრეგატებით გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებული ხარვეზები - სპეციალური ტექნიკით მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 13 შემთხვევაში დადგენილია დაწესებული რეგულაციებისგან განსხვავებული ანგარიშსწორების პერიოდები, მათ შორის, 12 შემთხვევაში ასეთი შეღავათის მიმღებს წარმოადგენს ერთი და იგივე იურიდიული პირი.

ტუმბო-აგრეგატებით გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული 13 ხელშეკრულებიდან 10 შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია დადგენილი რეგულაციების შეუსაბამოდ.

სპეცტექნიკით მომსახურების სამ შემთხვევაში ანაზღაურება განხორციელებულია ხელშეკრულებების გაფორმების თარიღებისათვის გაუქმებული ტარიფების მიხედვით, რის შედეგადაც კომპანიას მიღებული აქვს 1,197 ლარით ნაკლები შემოსავალი.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტორს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 4,537 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა 61 დღეზე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ვადაგადაცილება შეადგენდა 5 წლამდე პერიოდს.

მორწყვის გადასახადის ადმინისტრირების ნაკლოვანება - სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარების სახელზე დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საირიგაციო მომსახურების საფასურის გადახდა, შერჩეული 28 ერთეულიდან 18 შემთხვევაში, არ ხორციელდებოდა მომსახურების გაწევამდე, რამაც შესაძლებელია წარმოქმნას მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების მიუღებლობის და/ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოქმნის რისკები.

საწარმოო მიზნებისათვის წყლის მიწოდების მომსახურება -  კომპანიას შემუშავებული არ აქვს სამელიორაციო სისტემიდან საწარმოო დანიშნულების წყლის მიწოდების სერვისის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია. ამასთანავე, ერთ შემთხვევაში წყლის მიწოდება ხორციელდება დადგენილ მინიმალურ საფასურზე ნაკლები ოდენობის ღირებულებით.

ჰიდროელექტროსადგურებისათვის წყლის მიწოდება -  ჰიდროელექტროსადგურებისათვის წყლის მიწოდების მომსახურების ღირებულების დაანგარიშება, სხვადასხვა მომხმარებლებთან მიმართებით, ხორციელდება განსხვავებული მიდგომებით. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში არ არის დამტკიცებული ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, ვერ მივიღეთ რწმუნება განსხვავებული მეთოდების გამოყენებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე“, - ნათქვამია დასკვნაში.