საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების  ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა ინდ. მეწარმე მერაბ შამუგიასთან პარტნიორობით სამეგრელოში, სოფელ ლიაში, 1.25 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

ბანკის ინვესტიცია, რომელიც 105 000 ლარი იყო, ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენას, მიწის დამუშავებას, ნერგების და სარწყავი სისტემის შეძენას და მომავალი 3 წლის ბაღის მოვლის ხარჯებს მოხმარდა.  პროექტის ჯამური ღირებულება 130 000 ლარია.

მერაბ შამუგიამ ლურჯი მოცვის გაშენება 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და მომავალში ბაღის დამატებით 3.5 ჰა-მდე გაზრდას გეგმავს. მოსავლის აღების პერიოდში ინდ. მეწარმე ათამდე ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებსთუმცა სამომავლოდ კადრების დამატებას გეგმავს.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მოცვის სტარტაპის ფარგლებში დავიწყე. მოცვის ბაღების გაშენება ჩემთვის პირველი მცდელობაა, აქამდე თხილის წარმოებით ვიყავი დაკავებული, თუმცა ვფიქრობ ბაზარზე ამ კუთხით მოთხოვნა უფრო მაღალია. გარდა ამისა, თხილის ფასი მოცვთან შედარებით დაბალია და მოსავლის მიღებას რამდენიმე წელი სჭირდება.

ბანკის მხარდაჭერით საჭირო მოწყობილობები შევიძინე და მიწის მოვლა-დამუშავებაც შევძელი, სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ ტერიტორიაზე ვფიქრობ ბაღის გაშენებას.

რაც შეეხება რეალიზაციას, პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს მოვიცავ, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც არ გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე ბაღში საადრეო ჯიშები მაქვს გაშენებული, ესენია სტარი, სვიტარტი და ალექს ბლუ“, - ამბობს მერაბ შამუგია.

„ჩვენ როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილი, გააძლიერონ ადგილობრივი წარმოება. მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, 2023 წლის სეზონზე საქართველოში, მინიმუმ, 3000 ტონა მოცვის მოსავლის აღება იგეგმება, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი, 50%-იანი ზრდაა. მთლიანობაში ქვეყანაში, დაახლოებით, 3000 ჰექტარი მოცვის ბაღია, რომელიც, დაახლოებით 30 000 ტონამდე კენკრის მოსავალს მოიტანს. მოხარული ვართ რომ ამ სტატისტიკაში მნიშვნელოვან როლს ჩვენი მეწარმეც შეიტანს“,- განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგროპროექტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.