ის ქვეყნები, სადაც ახლა საომარი პროცესები მიმდინარეობს ღვინის ქვეყნებად არ ითვლება და შესაბამისად, ღვინის სექტორზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს, თუმცა საკმაოდ სერიოზული ლოგისტიკური სირთულეებია წარმოქმნილი, - ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გავლენა შეაფასა.

მისივე ინფორმაციით, ღვინის გაყიდვების დინამიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოგვარდება აღნიშნული ლოგისტიკური პრობლემები.

"იმ  აზიის ქვეყნებში, სადაც ქართული ღვინო გადის, ან გასვლის პერსპექტივა აქვს - იქ არც ომია და არანაირ სამხედრო კონფლიქტებს ადგილი არ აქვს, მათ შორის, ჩინეთში, იაპონიაში და ა.შ. თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის სწორედ იმ ქვეყნების სივრცეს იყენებენ, სადაც ახლა პრობლემებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ღვინის პრობლემაა, არამედ ეს საერთო სავაჭრო კრიზისისკენ მიმავალი გზაა და ვფიქრობ, რომ რაიმე გამოსავალი გამოიძებნება", - აცხადებს ზაზა ასანიძე.

მანვე აღნიშნა, რომ ომი არასდროს უხდება ბიზნესს და სავაჭრო ურთიერთობებს და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესები მალე დასტაბილურდება. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი