კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვა.

„ამჟამად საომარი მოქმედებების გაფართოება გვაქვს. ჩვენ ამას ვაღიარებთ. უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ეს აუცილებელი პირობებია ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა კანბერაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, გამორიცხა თუ არა ირანზე თავდასხმებში მონაწილეობა, მარკ კარნიმ უპასუხა: „კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ მონაწილეობას“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს განსხვავება შეტევით და თავდაცვით ქმედებებს შორის.

„ყოველთვის დავიცავთ კანადელებს. ყოველთვის გვერდით დავუდგებით და დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, როცა ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა მარკ კარნიმ.

ცნობისთვის, მარკ კარნიმ გუშინ განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმები, შესაძლოა, საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო იყო. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს მცდელობებს, რომლის მიზანია ხელი შეუშალონ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას.

წყარო: ინტერპრესნიუსი