“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, საქართველოს საინვესტიციო იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

როგორც ლევან ყარალაშვილმა „საქმის კურსის ეთერში“ განაცხადა, არაერთი საინვესტიციო პროექტი გაჩერებულია და თუკი პროცესების დროული დეესკალაცია არ მოხდება, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო პერიოდში კრიზისში შევა.

„დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ რომელიმე ინვესტორი, რომელსაც შეიძლება ადრე საქართველო პრიორიტეტში ჰყოლოდა, განიხილავდეს ქვეყანაში რეინვესტირებას, არ მახსენდება არცერთი მსხვილი პროექტი, რომელიც შეიძლება დღის წესრიგში იყოს. სამწუხაროდ, ჩვენს ჯგუფშიც ყველა საინვესტიციო პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია. როდესაც ქვეყნის ხელისუფლების ძირითადი, წამყვანი ფიგურები სანქცირებული არიან, როდესაც, ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში, როგორ მოქმედებს სასამართლო სისტემა, ელემენტარული პრობლემებია სამართლის პოვნის ნაწილში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აფრთხობს ნებისმიერ ინვესტორს, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ის, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი თუ ევროპა.

დღეს საქართველოს ამ ჭრილში მიმზიდველობა ძალიან დაკარგული აქვს. აუცილებელია, ქვეყნის კურსის შემოტრიალება და იმ ნდობის აღდგენა, რომელიც ჩვენ დასავლეთის ჭრილში დავკარგეთ. ამის გამოძახილი ციფრებში კარგად ჩანს, შარშან მნიშვნელოვნად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ვხედავთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურით შეცვალეს. თუ არ მოხდება პროცესების დეესკალაცია, ვფიქრობ, გაზაფხულზე ჩვენ უფრო მძაფრი კრიზისი ვიხილოთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

წყარო: bm.ge