რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „ლუკოილის“ ქართულმა შვილობილმა „ლუკოილ ჯორჯიამ“ 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 137.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 900 მილიონ ლარს მიაღწია, 2024 წელს კი 762.5 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის წმინდა მოგება კი 35.5 მილიონი ლარიდან 42 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს კომპანიის ძირითადი ხარჯი ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიკატების თვითღირებულება იყო, რამაც 835.5 მილიონი ლარი შეადგინა. სახელფასო ხარჯებმა 14.3 მილიონი ლარი, ხოლო ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებმა 4.4 მილიონი ლარი შეადგინა.
„ლუკოილ ჯორჯიას“ შემოსავლის უდიდესი ნაწილი საბითუმო გაყიდვებზე მოდიოდა — 682.3 მილიონი ლარი, საცალო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 217.7 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, 2025 წლის ნოემბრიდან კომპანიამ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული გადახდების შეზღუდვების გამო საბითუმო ოპერაციები შეაჩერა და „სანქციებმა კომპანიის ოპერაციებსა და პროგნოზირებულ ფულად ნაკადებზე უარყოფითი გავლენა იქონია“. ანგარიშის გამოქვეყნების თარიღისთვის მათი განახლება ჯერ არ მომხდარა. კომპანიის განცხადებით, საცალო ქსელის მუშაობის გასაგრძელებლად მან ალტერნატიულ ადგილობრივ მომწოდებლებთან თანამშრომლობა დაიწყო.
2025 წლის ბოლოს „ლუკოილ ჯორჯიას“ აქტივები 284.5 მილიონ ლარს შეადგენდა, წინა წლის ბოლოს კი 134.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიას საქართველოში 23 საკუთარი, 27 იჯარით აღებული და 5 ფრანჩაიზინგის უფლებით მოქმედი ავტოგასამართი სადგური აქვს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ლუკოილ ჯორჯიას“ 100%-იან წილს „LUKOIL International GmbH“ ფლობდა, რომელიც საბოლოოდ „ლუკოილის“ ჯგუფის მიერ კონტროლდება. 2025 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ლუკოილი“ სანქციების სიაში შეიყვანა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამან კომპანიის საერთაშორისო გადახდები შეზღუდა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაურკვევლობა შექმნა.