ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სუბიექტი 20,000 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნულ საკითხზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა ისაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ბიზნესში ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია, რომელიც ჩარჩოების დაწესებას ითვალისწინებს, ძალიან სამწუხარო ფაქტია.
„ყოველთვის სამწუხაროა ნებისმიერი დამატებითი რეგულაციის შემოტანა ბიზნესისთვის, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც ჩარჩოში მოაქციოს მისი ურთიერთობები. ბიზნესი - ეს არის ის სენსიტიური ნაწილი, რომელიც თავისი ურთიერთობებით მონაწილეობს სხვადასხვა თუნდაც გამოფენებში. თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის ტერიტორიებზე ხშირად სხვადასხვა გამოფენები ტარდება. ამ გამოფენებს მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ბიზნესფორუმები. ეს ბიზნესფორუმები საჭიროა იმისთვის, რომ გამოთქვა შენს ქვეყანაში არსებული ბიზნესის კეთებასთან მიმართებაში საკუთარი ხედვა, შთაბეჭდილება, აზრი და აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობა გახდეს სხვა ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, გაუჩნდებათ თუ არა ქვეყანაში შემოსვლის სურვილი. გარდა ამისა, გამოკითხვა რომ ჩაატაროს დაინტერესებულმა ინვესტორმა, ერთ-ერთ კითხვად ბიზნესს უნდა დაუსვას როგორი პოლიტიკური განწყობაა კონკრეტული საქმიანობის მიმართ. თუკი ბიზნესს ამ განწყობის შესახებ კითხვას დაუსვამ და ის იტყვის, რომ აუცილებლად მიაჩნია, ეს მიმართულება განვითარებული იყოს ან პირიქით უპასუხებს, ეს იგულისხმება პოლიტიკურ შეფასებებში?
გინდა თუ არ გინდა, ბიზნესი თავისი განწყობებით ყოველთვის კავშირშია სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მოწყობასთან, რომლითაც შემდგომში იკემსება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები. კონკრეტული სუბიექტის მხარზე დგას ეკონომიკა - შემოსავლები, ფინანსები, აქციზები, გადასახადები და ასე შემდეგ. ამიტომ მან თუ თავისი აზრი გამოთქვა, ეს იქნება დაჯარიმების მიზეზი? რა ჩაითვლება დარღვევად - ეს არის მთავარი კითხვა“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.