“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც სამორინეების მიერ საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობას ითვალისწინებს და რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდა.
საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით კენჭისყრის წინ მომხსენებელმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ გუნდის შიგნით, “ხალხის ძალასთან“ და “ევროპელ სოციალისტებთან“ კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, როგორც ეს პროექტის პირვანდელი ვარიანტით არის განსაზღვრული.
პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით ამ დათქმით მიიღო. 74-მომხრე, 9 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.
საკანონმდებლო პაკეტს დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.
პროექტის თანახმად, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონი ლარს აღემატება, ის “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვები იქნება როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.