საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BAG ინდექსის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის ყველა ზომის კომპანიას თანაბრად აწუხებს, განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტორს.

გამოკითხულმა კომპანიებმა ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის ლარის კურსისა და სპეციალისტების ნაკლებობის შემდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს.

მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია იმ კომპანიათა წილი, რომელიც მარეგულირებელ გარემოს ასახელებდა ხელის შემშლელად (25 პროცენტული პუნქტით), ხოლო შემცირებულია იმ კომპანიათა წილი, რომელიც ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებდა ხელის შემშლელად (15 პროცენტული პუნქტით).

„2025 წლის I კვარტალში კომპანიათა უმეტესობამ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის ყველაზე ხელის შემშლელ ფაქტორად მარეგულირებელი გარემო მიიჩნია.

სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად დასახელდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო ყველაზე იშვიათად - მრეწველობის სექტორში.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად ხელის შემშლელად თანაბრად დაფიქსირდა მომსახურების და მრეწველობის სექტორებში, ხოლო ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში აღნიშნული საკითხი თანაბრად აქტუალურად დასახელდა“, - ვკითხულობთ  BAG-ინდექს დოკუმენტში.

ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.