საქართველოს ავტოპარკი ზრდას განაგრძობს. 2025 წლის სექტემბრისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულმა ავტომობილებმა 1.9 მილიონს მიაღწია.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ავტომობილების 64% ბენზინს, ხოლო 23% დიზელს მოიხმარს. ამასთანავე, ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები მთლიანი ავტოპარკის 12%-ია, თუმცა, მათი ძირითადი საწვავი ბენზინია. ელექტრომობილები ავტოპარკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
„საქართველოს ავტოპარკის მზარდი ტენდენციის ფონზე მოსალოდნელია ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდა. 2025 წლის პირველ 9 თვეში ავტოპარკს 125.3 ათასი ავტომობილი დაემატა, რომლის 61% ბენზინს მოიხმარს, 21% ჰიბრიდული ძრავით, ხოლო 14%-ს დიზელის ძრავითაა.
ამჟამად საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 1.9 მილიონ ავტომობილს ითვლის, რომლის 64% ბენზინის ძრავითაა, 12% ჰიბრიდულძრავიანია, თუმცა ძირითად საწვავად ბენზინს მოიხმარს. ავტოპარკის 23%-ს აქვს დიზელის ძრავი.
ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია, 2024 წელს მცირე ჩავარდნის მიუხედავად, მზარდია. თუ 2019 წელს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში 39%-ს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 56%-მდე გაიზარდა. მეორე მხრივ, შემცირებულია როგორც ჰიბრიდული, ასევე, დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში“, - ვკითხულობთ კვლევაში.