საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BAG დასაქმების ბარომეტრის თანახმად, რომელიც ასახავს გამოკითხული კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ, 2025 წლის I კვარტალში კომპანიებს დადებითი მოლოდინი აქვთ.

დასაქმების ბარომეტრმა 23 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 4 ქულით, ხოლო 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 20.3 ქულით გაუარესდა.

2025 წლის I კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. 2025 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუარესდა მშენებლობის (14.1 ქულით), მრეწველობის (6.5 ქულით) და ვაჭრობის (5.5 ქულით) სექტორებში, ხოლო მცირედით გაუმჯობესდა მომსახურების (1.3 ქულით) სექტორში.

2025 წლის I კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. რაც შეეხება 2025 წლის II კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას (იხილეთ გრაფიკი 5), ხოლო 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.

2025 წლის I კვარტლის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2025 წლის II კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.

ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.